ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, განათლების სამინისტროს წინ მოშიმშილე მაია ეკალაძე ცუდად გახდა

განათლების სამინისტროსთან მოშიმშილე მასწავლებელი, მაია ეკალაძე ცუდად გახდა – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” ბაჩანა შენგელია საუბრობს. ის პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს, რომლებსაც “გული შესტკივათ განათლების სისტემაზე” პროტესტის მონაწილეების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
“ამ ადამიანებს სჭირდებათ ყურადღება, თანადგომა, რომ მიაღწიონ თავის დასახულ მიზანს. ეს არ არის მარტო ამ ადამიანების პრობლემა, ეს არის ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის მნიშვნელოვანი ეტაპი იმიტომ რომ თუ აქ და ახლა მოხდება მხოლოდ და მხოლოდ უშიშროების სამსახურის მიერ დანიშნული დირექტორების დაკანონება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შვილების მომავალი იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული და პრაქტიკულად, “ოცნების” ხელდასმული დირექტორების ხელში. ეს არ უნდა დავუშვათ”, – ამბობს ბაჩანა შენგელია.
მასწავლებელმა მაია ეკალაძემ განათლების სამინისტროსთან შიმშილობა 4 დეკემბერს დაიწყო.
მაია ეკალაძე სამინისტროგან მისი დისკრეციის წესით თანამდებობაზე დანიშვნას და სკოლებში ს სამართლიანად ჩატარებას მოითხოვს. ის პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს, სანამ მოთხოვნებს სამინისტრო სრულად არ დააკმაყოფილებს.
ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით დირექტორთა არჩევნები 900-ზე მეტ საჯარო სკოლაში ჩატარდა, თუმცა სამინისტრომ, აბსოლუტურ უმრავლესობაში სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის მხოლოდ თითო კანდიდატი წარუდგინა. სკოლის დირექტორობის არაერთი მსურველი კი არჩევნებს მიღმა დარჩა.
სკოლების ნაწილმა, მათ შორის ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლამ და წალენჯიხის სოფელ ჯგალის საჯარო
სკოლამ, ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლამ სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატი არ აირჩია.