ბაღში ბავშვის ცემის არასათანადოდ გამოძიებისთვის სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა – PHR-ი

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” აცხადებს, რომ მათი ჩართულობით ბაღში ბავშვის ცემის არასათანადოდ გამოძიებისთვის სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლეილა ფოლადიშვილმა დღეს, 26 იანვარს, გამოაცხადა.
“გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გაცემა დაავალა”, – აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მათივე განმარტებით, 2017 წელს ბაღში მომხდარი ძალადობის შემთხვევა სახელმწიფომ არ გამოიძია, რის გამოც მიმართეს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით.
“2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში 3,5 წლის გიორგიმ [სახელი შეცვლილია] აღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა – სახლი კარგად ვერ დახატა. გაბრაზებულმა აღმზრდელმა გიორგის ხელი სახისა და ყურის არეში დაარტყა. ბავშვს სახეზე დაზიანებების კვალი დაეტყო. გიორგის გამოსაყვანად მისულმა დედამ ბავშვის სახეზე დაზიანებები შეამჩნია და მიზეზი ჰკითხა, რაზეც გიორგიმ უპასუხა რომ მასწავლებელმა სცემა”, – წერდა გასული წლის ივნისში PHR-ი.
დამატებით ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ მომხდარი ძალადობის გამო ბავშვის დაზარალებულად ცნობა ითხოვეს, რაც პროკურატურამ არ დააკმაყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი