ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში ნორვეგიელებმა წილი საბოლოოდ გაყიდეს

ნორვეგიულმა კომპანია Equinor-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან და ინდურ ONGC Videsh Limited-თან გარიგება დახურა, რომელიც აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის (ACG-ის) საბადოების ბლოკის განვითარების პროექტში და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენის ოპერატორ კომპანია BTC Co-ში თავისი წილის გაყიდვას ეხება.
ამის შესახებ Equinor-ის განცხადებაში წერია, რასაც Report ავრცელებს.
ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 29 ნოემბერს დაიხურა, ხოლო გარიგების ჯამური ოდენობა 720 მლნ დოლარია.
კომპანია წერს, რომ მიმდინარე წლის 19 ივლისს მან SOCAR-თან და ONGC Videsh Limited-თან ყიდვა-გაყიდვის განახლებული ხელშეკრულება გააფორმა. კერძოდ, ACG-ის (Azeri–Chirag–Gunashli) პროექტში Equinor-ის 7,27%-იანი წილიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ 6,655%, ხოლო ONGC Videsh Limited-მა 0,615% შეიძინა. ბთჯ-ში Equinor-ის 8,71%-იანი წილებიდან SOCAR-მა 7,96%, ხოლო ONGC Videsh Limited-მა აქციების 0,75% შეიძინა.
თავის მხრივ, ONGC Videsh Limited-მა გამოაცხადა, რომ ACG-სა და ბთჯ-ში Equinor-ის აქციების წილის შესაძენად, დაახლოებით, 60 მლნ დოლარის ინვესტიცია გამოყო.
ახალი გარიგების გათვალისწინებით, ACG-ის პროექტში მხარეთა წილი ასეთია: BP plc – 30,37%, SOCAR – 31,655%, MOL – 9,57%, ExxonMobil – 6,79%, ONGC Videsh – 2,925%, Inpex Corp. – 9,31%, ITOCHU Oil – 3,65% და TPAO – 5,73%.
ბთჯ-ის ნავთობსადენის ოპერატორი კომპანია BTC Co-ს აქციონერები არიან: BP plc (30.1%), SOCAR (32.96%), MOL (8.9%), TPAO (6.53%), Eni და TotalEnergies (სათითაოდ 5%), Itochu (3.4%), ExxonMobil და Inpex (სათითაოდ 2,5%) და ONGC Videsh (3,11%).
ცნობისთვის: აზერის, ჩირაგისა და ღრმაწყლოვან გიუნეშლის საბადოების განვითარების ხელშეკრულება 1994 წელს გაფორმდა. მისი მოქმედების ვადა წელს უნდა ამოწურულიყო, თუმცა 2017 წლის სექტემბერში ახალი კონტრაქტი 2050 წლამდე ვადით გაფორმდა.