ბაქოში პოლიციამ რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაარსებული პროპაგანდისტული მედიასაშუალების, „სპუტნიკის“ აზერბაიჯანული სამსახურის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარა და როგორც გამოცემები Minval-ი, Vesti.az -ი და APA იტყობინებიან ოპერაციის შედეგად დააკავეს „ეფესბეს ორი აგენტი“, რომლებიც, როგორც ირწმუნებიან „ფარულად მუშაობდნენ“ სააგენტოს ადგილობრივ რედაქციაში. „სპუტნიკ აზერბაიჯანი“ რუსეთის სახელმწიფო მედიაჯგუფის „Россия сегодня”-ს ნაწილია.
დაკავებულებს შორისაა, რედაქციის მმართველი იგორ კარტავიხი და უფროსი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი. „Sputnik”-ის რედაქციამ მათ მიმართ ბრალდებას „აბსურდული“ უწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დაკავებულებთან არ უშვებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
„შეშფოთებულები ვართ, რომ ორ საათზე მეტია, რაც ბაქოში მყოფი რუსი დიპლომატები ჟურნალისტებთან და რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ “, – განუცხადა ზახაროვამ სააგენტო რია ნოვოსტის.
თებერვალში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიჰან ჰაჯიზადემ განაცხადა, რომ „სპუტნიკ აზერბაიჯანი“ ლიკვიდირებულია და მედიასაშუალებას მხოლოდ ერთი კორესპონდენტისთვის შეუძლია აკრედიტაციის მიღება. Report-ი წერს, რომ ამის მიუხედავად, „აღმოჩნდა, რომ სააგენტო აგრძელებდა ფუნქციონირებას და მისი თანამშრომლები სამსახურშიც დადიან“
აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ, რაც 27 ივნისს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში რეიდებისას დააკავეს აზერბაიჯანული წარმოშობის 50-ზე მეტი პირი. ორი მათგანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაიჭრა.
ბაქომ მოსკოვს დამნაშავეთა დასჯა მოსთხოვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეკატერინბურგში დაკავების ოპერაცია უკავშირდებოდა 2001, 2010 და 2011 წლებში ჩადენილი მკვლელობების საქმეებს.
