ბაქოში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ისინი აფასებენ საქართველოს მონაწილეობას მშვიდობიანი შეთანხმების პროცესში, ეს შეთანხმება სჭირდება რეგიონს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს – არჩილ თალაკვაძე

“ძალიან პოზიტიურად ვაფასებ ჩვენს ვიზიტს აზერბაიჯანში. გვქონდა მაღალი დონის შეხვედრები პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, ჩვენს კოლეგებთან. ძალიან აქტიურია მეგობრობის ჯგუფი პარლამენტებს შორის და ჩვენ გვაქვს გეგმები მომავალთან დაკავშირებით,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ბაქოში ვიზიტის დროს მედიასთან საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მთელი რეგიონის მომავალი, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული პროექტები, სავაჭრო ურთიერთობები, ტურიზმი, რომელიც ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს.
თალაკვაძის შეფასებით, ორი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები იყოს უფრო მტკიცე და შედეგიანი ჩვენი ხალხისთვის.
„საქართველო მხარს უჭერს რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას და მზად არის, რომ მომავალშიც თავის წვლილი შეიტანოს მოლაპარაკებებსა და შეთანხმებაში, რომლისთვისაც დღეს რეალურად განწყობილია ამ ქვეყნის ლიდერი და ასევე ჩვენი პრემიერ-მინისტრი, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს ამ შეთანხმებას.
საქართველო ყოველთვის იყო ის სივრცე, სადაც აზერბაიჯანი და სომხეთი საუბრობდნენ ერთმანეთთან, დღეს ჩვენი მედიაცია, მონაწილეობა არის ნამდვილად საჭირო და ბაქოში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ ისინი აფასებენ და მიესალმებიან საქართველოს მონაწილეობას მშვიდობიანი შეთანხმების პროცესში. ეს შეთანხმება სჭირდება რეგიონს, სჭირდება აზერბაიჯანს, სჭირდება სომხეთს და სჭირდება საქართველოს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბაქოში ვიზიტისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში რევოლუციური გზით მოსვლა

აშშ-სა და ევროკავშირის ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, “უცხოელი აგენტების კანონის” არ შესრულებაში, მათ შორის, ჯარიმების გადახდაში – მაკკეინის ინსტიტუტი