ბაქოში ვიზიტის დღეს ყაველაშვილმა გრანტების წინააღმდეგ კანონს ხელი მოაწერა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა გრანტების წინააღმდეგ მიღებულ კანონს დამტკიცების დღესვე, 16 აპრილს, მოაწერა ხელი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი რეპრესიული კანონი ძალაში შევიდა.
აღსანიშნავია, რომ ყაველაშვილი 16 აპრილს მისი პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.
როგორც ნეტგაზეთს ყაველაშვილის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ის აზერბაიჯანიდან საქართველოში 16 აპრილს საღამოს, 20 საათისთვის დაბრუნდა და კანონს ხელი ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ მოაწერა.
„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ აკრძალა მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება.
კანონის პროექტი ითვალისწინებს აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებულ სანქციებს, კერძოდ:
· აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
· ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
· ზემოთ მოყვანილი რომელიმე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის განსაზღვრულია შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადგენილი სანქციის ორმაგი ოდენობით დაჯარიმება.
„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებებს საერთო განცხადებით უპასუხეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა. მათი თქმით, აღნიშნული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების დატოვებას მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ და საერთაშორისო საზოგადოებას უკრძალავს მათ თანადგომას.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კანონი მიზნად ისახავს საქართველოს გადაქცევას ჩაკეტილ, იზოლირებულ სახელმწიფოდ, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაექვემდებაროს პარტია „ქართული ოცნების“ ტოტალიტარული სტილის კონტროლს და გამოირიცხოს საზოგადოებისთვის საჭირო თანადგომის მიღება საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისაგან.
როგორც რუსული კანონის შემოღების წინა ტალღებისას, ახლაც „ოცნების“ ხელწერა ძალიან ჰგავს ავტორიტარული რეჟიმებისას. მსგავსი კანონის მიღების შემდეგ დაიწყო მეზობელ აზერბაიჯანში დიდი რეპრესიები, რის შედეგადაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა, საერთაშორისო ორგანიზაციები კი ქვეყნიდან საერთოდ გავიდნენ.
· რას ითვალისწინებს „ოცნების“ ახალი კანონპროექტი გრანტების წინააღმდეგ
· რატომ სურს “ოცნებას” გრანტების კონტროლი და რა მოხდა აზერბაიჯანში