ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მანე თანდილიანმა და მისმა თანამოაზრეებმა ერევნის მოედანზე შიმშილობა გამოაცხადეს, რითაც მოუწოდეს ყოფილ ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრ რუბენ ვარდანიანს, შეწყვიტოს საპროტესტო აქცია ბაქოს ციხეში.
როგორც “კავკაზსკი უზელმა” დაწერა, ყარაბაღის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა რუბენ ვარდანიანმა 19 თებერვალს შიმშილობას მიმართა, რათა პროტესტი გამოეხატა სასამართლო პროცესისას სამართლებრივი ნორმების დარღვევის წინააღმდეგ. 27 თებერვალს 11-მა სომხურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ვარდანიანის შიმშილობა მოწმობს აზერბაიჯანში სომეხი პატიმრების მდგომარეობის გაუარესებაზე და საერთაშორისო საზოგადოებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
რუბენ ვარდანიანს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის მე-20 მუხლით ედება ბრალი და მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. 2024 წლის დეკემბრის ბოლოს საქმე ბაქოს სამხედრო სასამართლოს გადაეცა. ვარდანიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა გამომძიებლებმა დაკითხვის ოქმები გააყალბეს.
პარტია “სიცოცხლის ქვეყნის” ლიდერმა მანე თანდილიანმა პირველ მარტს შიმშილობა გამოაცხადა და ვარდანიანს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა ბაქოს ციხეში.
“ვარდანიანის მიერ შერჩეული უკიდურესი ზომა მიზნად ისახავს საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას ბაქოში სომეხი ტყვეების ფარსულ სასამართლო პროცესებზე”, – დაწერა თანდილიანმა Facebook-ზე.
თანდილიანის განმარტებით, ვარდანიანი უკვე 12 დღეა შიმშილობს, რაც ყოველდღიურად აზიანებს მის ჯანმრთელობას და საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს, ამიტომ მან ეს “სიცოცხლისთვის საშიში პროტესტი” უნდა შეწყვიტოს.
მანე თანდილიანი სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების ყოფილი მინისტრია. შიმშილობა მან ერევანში, თავისუფლების მოედანზე დაიწყო.
გარდა ამისა, პარტია “სიცოცხლის ქვეყნის” მხარდამჭერმა ვარდან ავაკიანმა განაცხადა, რომ ის და არტავაზდ ალავერდიანი თანდილიანის აქციას შეუერთდნენ. ისინი გეგმავენ, რომ მთელი შიმშილობის პერიოდი მოედანზე, მათ მიერ გაშლილ კარავში გაატარონ.
2024 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბაქოს სამხედრო სასამართლოს გადაუგზავნა სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც 15 ყოფილი ყარაბაღელი მაღალჩინოსანი და მცხოვრებია ბრალდებული.
აზერბაიჯანში პატიმრობაში იმყოფება 15 ყოფილი ყარაბაღელი მაღალჩინოსანი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტები არაიკ არუთუნიანი, ბაკო სააკიანი და არკადი გუკასიანი, ასევე ყოფილი პარლამენტის სპიკერი დავიდ იშხანიანი. 17 იანვარს სასამართლო სხდომაზე არაიკ არუთუნიანმა ბოდიში მოიხადა “განჯის წინააღმდეგ თავდასხმებთან” დაკავშირებით.
