აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შესაძლოა გააუქმოს აკრძალვა კიევისთვის თავისი მარაგიდან იარაღის მიწოდებაზე – თუკი გაგრძელდება რუსეთის მხრიდან დარტყმები აზერბაიჯანთან დაკავშირებულ უკრაინის ენერგეტიკის ობიექტებზე.
ამ ცნობას ავრცელებენ ტელეგრამის აზერბაიჯანული არხები, რომლებსაც კავშირი აქვთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გარემოცვასთან.
რუსეთის ტელეგრამის არხი “ვოენკორ კოტიონოკი” იუწყება, რომ “მთელი რიგი წყაროების თანახმად, ბაქო უკვე ავითარებს 122-მმიანი და 155-მმიანი საარტილერიო ჭურვების წარმოებას შემდგომში მათი უკრაინისთვის გასაგზავნად, გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში მიღებულია”.
გამოცემა “მედუზა” იუწყება, რომ ელიევმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარში დაგმეს რუსეთის დარტყმა აზერბაიჯანის სანავთობო ბაზაზე ოდესის ოლქში.
მანამდე ილჰამ ალიევმა უკრაინას ურჩია “არ შეურიგდეს” რუსეთის მხრიდან მისი ტერიტორიების ოკუპაციას.
მოსკოვსა და ბაქოს შორის დაძაბულობა რჩება გასული წლის დეკემბერში “აზერბაიჯანის ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავის ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან ახლოს ჩამოვარდნის შემდეგ. აზერბაიჯანი ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს, კრემლი უარყოფს მომხდარში თავის ბრალეულობას.
27 ივნისს ეკატერინბურგში დააპატიმრეს აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები, ამ პროცესში ორი ადამიანი დაიღუპა. პასუხად, ბაქოში დააკავეს და დააპატიმრეს რუსეთის ოცამდე მოქალაქე, მათ შორის კრემლის მომხრე სააგენტოს, “სპუტნიკ აზერბაიჯანის” ჟურნალისტები. საკუთრივ ამ მედიასაშუალების ლიცენზია ჯერ კიდევ თებერვალში იქნა გაუქმებული. დაკავებულთა ნაწილს წაუყენეს ნარკოტიკების კონტრაბანდის და კიბერ-თაღლითობის ბრალდებები.
ფორუმი
