“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადება, რუსეთის 13 მოქალაქის გათავისუფლებაზე, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზაციის წინაპირობაზე, სწორი მიდგომა არ არის”, – ეს განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა აზერ აიხანმა.
„აზერბაიჯანში დაკავებული 13 რუსეთის მოქალაქის გათავისუფლება შეიძლება მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს“, – ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯან–რუსეთის ურთიერთობების დაძაბვა გამოწვეულია სწორედ „აზალ“-ის თვითმფრინავის ჩამოგდებით და შემდეგ რუსი ოფიციალური პირების ქცევით:
„ამასთან ერთად, რუსეთში ეთნიკური კუთვნილების ნიშნით აზერბაიჯანელთა დევნა, ქალაქ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების ცემა და მკვლელობა, ურთიერთობებში დამატებით დაძაბულობას ქმნის. რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების აზერბაიჯანის წინააღმდეგ მოქმედება იმ ფაქტორებს შორისაა, რომლებიც ურთიერთობებზე უარყოფითად მოქმედებს.“
მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობები საგრძნობლად დამძიმდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 25 დეკემბერს ყაზახეთში ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი, ბორტზე 67 მგზავრით, ჩამოვარდა. ის ბაქოდან გროზნოსკენ მიფრინავდა. ურთიერთობების გაუარესების ახალ ტალღას წარმოადგენდა ეთნიკური ნიშნით დაკავებები რუსეთში და საპასუხო დაკავებები აზერბაიჯანში.
რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც ისაუბრა აღნიშნულ თემაზე ერთ-ერთ ინტერვიუში და თქვა, რომ „აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავის რუსული ძალების მიერ ჩამოგდება და რუსეთის ოფიციალური პირების რეაქცია ამ ინციდენტზე აზერბაიჯანში დიდ უკმაყოფილებასა და იმედგაცრუებას იწვევს.“
