ბაქოდან თბილისში გამოფრენამდე დააკავეს კიდევ ერთი აზერბაიჯანელი აქტივისტი

მეგობრების ცნობით, პარასკევს, 23 აგვისტოს, ბაქოდან თბილისში გამგზავრებამდე დააკავეს კიდევ ერთი აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტი, თავისუფალი ჟურნალისტი სამად სიხი.
ორი დღით ადრე, 21 აგვისტოს, აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა „სახელმწიფო ღალატის“ ბრალდებით დააკავეს აქტივისტი, მკვლევარი და ჟურნალისტი ბაჰრუზ სამადოვი. სამადოვი მეორე დღეს ბრუნდებოდა ში. ის ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტია.
სამად სიხი ბაჰრუზ სამადოვის მეგობარია. მან 22 აგვისტოს რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურსაც მისცა ინტერვიუ სამადოვის დაკავების შესახებ.
ბაჰრუზ სამადოვიც და სამად სიხიც არიან კავკასიის საკითხებზე მომუშავე გამოცემის, OC Media-ს კონტრიბუტორები.
სიხი, სამადოვის მსგავსად, იშვიათი ხმა იყო აზერბაიჯანელ აქტივისტებს შორის, რომელიც ყარაბაღის ომს ეწინააღმდეგებოდა.
თანამოაზრეები მის დაკავებასაც პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებენ.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს სიხის ნათესავებმა უთხრეს, რომ სიხი პარასკევს, 23 აგვისტოს ბაქოს აეროპორტში დააკავეს.
„საპასპორტო კონტროლი გაიარა, მაგრამ ნახევარ საათში მოგვწერა, რომ დააკავეს. დაახლოებით 16:43 საათზე. მას შემდეგ მისგან არაფერი გაგვიგია“, – უთხრეს მათ რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს.