„თუ გვეკითხებიან, „ბატონო ელჩო, რატომ ხართ სპილო?“ ჩვენ ასეთ კითხვებს არ ვპასუხობთ“, – ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიის, მათ შორის „იმედის“ კითხვებს.
რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მორიგ ჯერზე გააკრიტიკეს ევროკავშირის ელჩი იმის გამო, რომ საელჩომ ციხეში გაუგზავნა წერილი დაპატიმრებულ დემონსტრანტს, ზვიად ცეცხლაძეს.
· „ევროკავშირის დელეგაცია, პარტნიორ საელჩოებთან ერთად, ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს“, – სწერდა ევროკავშირის წარმომადგენლობა ზვიად ცეცხლაძეს.
· ასევე, მორიგ ჯერზე გამოხატავდა შეშფოთებას ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გამო, „მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებით, როგორც რეპრესიების იარაღით დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ“, – ვკითხულობთ წერილში;
· იმეორებდა მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, „გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები“.
· ამასთან, 21 ოქტომბერს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა: „ევროკავშირის ელჩი, რომელიც „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს არასდროს პასუხობს, დამნაშავეებს საპატიმროებში წერილებს უგზავნის“.
დღეს ამ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა ჰერჩინსკიმ განაცხადა:
„ყველა დიპლომატიური მისიისთვის სტანდარტული პრაქტიკაა, ვუპასუხოთ მიღებულ წერილს… მოქალაქეები გვწერენ წერილებს და, როგორც წესი, ვპასუხობთ მათ წერილებს“.
მისი თქმით, ცეცხლაძის წერილი შეეხებოდა ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების შესაძლო შეჩერებას.
„ამ წერილს ვუპასუხე. უფრო სწორედ, ჩემი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა უპასუხა ამ წერილს. და, რა თქმა უნდა, წერილზე პასუხის გაცემით, ჩვენ არ ვიზიარებთ აუცილებლად იმ ადამიანის პირად მოსაზრებებს, რომელმაც ეს წერილი გამოგვიგზავნა. მაგრამ ნებისმიერი დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ნორმალური პრაქტიკაა, რომ უპასუხოს ჩვენთვის გამოგზავნილ წერილებს. ესაა ამბის დასასრული. სხვა არაფერია“, – განაცხადა მან.
„იმედის“ ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, მაშინ რატომ არ პასუხობენ ამ ტელევიზიის მიერ გაგზავნილ შეკითხვას, ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ უპასუხა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა ცდილობს, ყველა შეკითხვას უპასუხოს, იქნება ეს წერილობითი თუ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი, და პირადად ისიც ცდილობს, უპასუხოს „განსაკუთრებით რთულ შეკითხვებს“. შემდეგ კი მიუგო:
„თუმცა, როგორც უკვე ვუთხარი თქვენს ერთ-ერთ კოლეგას IMEDI TV-დან, თუ კითხვა ასეთია: „ბატონო ელჩო, რატომ ხართ სპილო?“ ჩვენ ასეთ კითხვებს არ ვპასუხობთ. თუ კითხვა გულწრფელი, არსებითია, პასუხს მიიღებთ. გმადლობთ“.
ზვიად ცეცხლაძემ 2025 წლის აგვისტოში მიმართა ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის წერილით, რომელშიც სთხოვდა, დაერწმუნებინა ევროპელი ლიდერები, არ გაეუქმებინათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი და არ „გაეძევებინათ ევროსაბჭოდან“.
„გაახსენეთ, თუ რაოდენ ღირსეულად ეჭირა ქართველ ქალს ერთიანი ევროპის დროშა და გაახსენეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური საზოგადოების ერთადერთ ჭეშმარიტებად კვლავ რჩება სიტყვები – “მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ – სწერდა ზვიად ცეცხლაძე პაველ ჰერჩინსკის 2025 წლის აგვისტოში.
ზვიად ცეცხლაძე 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2 სექტემბერს მიუსაჯა ორ-ნახევარი წლით პატიმრობა.
ცეცხლაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას, სხვა ათობით დაპატიმრებული დემონსტრანტის მსგავსად, საზოგადოების ნაწილი სინდისის პატიმრად/პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს.
ფორუმი




