საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა.
ნახევარფინალში პატრიკ კიპსონის ძლევის შემდეგ, რომელსაც ჩვენებურმა მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო, ფინალში ნიკოლოზმა პლანეტის 110-ე ჩოგანს, 28 წლის იაპონელ შიო შიმაბაკუროს უფრო ნაკლები 3 გეიმი არგუნა და ორ სეტში 6:2, 6:1 მოუგო.
ბასილაშვილის ანგარიშზე 5 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. მან 4 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი არ დაუკარგავს. ტურნირის ძირითადი ბადის პირველ წრეში დღეს ქართველი თბილისის დროით 23:30 საათზე მსოფლიოს 61-ე ნომერ, 25 წლის არგენტინელ მარიანო ნავონეს დაუპირისპირდება.
ჩოგბურთელები აქამდე არასდროს შეხვედრიან. უკვე ცნობილია, რომ თუ ბასილაშვილი ნავონეს ბარიერს დაძლევს, ტურნირის მეორე წრეში პლანეტის 25-ე ნომერს, 27 წლის მონეგასკ ვალენტინ ვაშეროს შეხვდება.