ბარსელონა 1-ელი აპრილიდან ტურისტულ გადასახადს ზრდის

ბარსელონას ტურისტებისთვის რამდენიმე განსხვავებული გადასახადი აქვს.
რეგიონული გადასახადი დამოკიდებულია განსახლების ტიპზე: ხუთვარსკვლავიან სასტუმროებისთვის დღეში 3,5 ევროა, ოთხვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის – 1,7 ევრო, Airbnb-ის საშუალებით დაქირავებული კერძო საცხოვრებლისთვის – 2,25 ევრო, სხვა ქონებისთვის – 1 ევრო.
რეგიონული გადასახადის გარდა მოქმედებს საქალაქო გადასახადიც, რომელიც მუდმივად იზრდება. 2023 წლის აპრილში ის გაიზარდა 1,75-დან 2,75 ევრომდე, ხოლო 2024 წლის 1-ელი აპრილიდან კიდევ 3,25 ევრომდე გაიზრდება. ასევე არის სპეციალური გადასახადი საკრუიზო გემის მგზავრებისთვის.
თუ ისინი ქალაქში 12 საათზე ნაკლებს გაატარებენ, 3 ევროს იდიან, ხოლო თუ მეტი დრო გაჩერდებიან – 2 ევროს. მთლიანობაში, 1-ელი აპრილიდან გაზრდის შემდეგ ბარსელონაში 5* სასტუმროს სტუმრებს ქალაქში ღამეში 6,75 ევროს გადახდა მოუწევთ, 4* სასტუმროში დამსვენებლებს – თითქმის 5 ევროს, საცხოვრებელ ბინაში დარჩენილი სტუმრები გადაიხდიან 5,5 ევროს.
ქალაქში საკრუიზო გემებით ჩასული პირები კი 6,25 ევროს გადაიხდიან. ბარსელონას ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტურისტული გადასახადების გაზრდა მიზნად ისახავს ქალაქში უფრო „ხარისხიანი“ ტურიზმის მოზიდვას. ქალაქში ყოველწლიურად დაახლოებით 32 მილიონი ტურისტი ჩადის, ბევრი მათგანი საკრუიზო გემებით.
„ჩვენი მიზანი აღარ არის მასობრივი ტურიზმი, არამედ „ხარისხიანი“ ტურიზმი, რომელიც ზრდის ქალაქის შემოსავალს. 2019 წლის ტურისტული ნაკადის პანდემიამდელი მაჩვენებლები ბარსელონაში უკვე გაუმჯობესებულია, მაგრამ არა ტურისტების რაოდენობის, არამედ ტურისტული შემოსავლების თვალსაზრისით“, – განაცხადა ქალაქის მერის მოადგილემ ჯეიმე კოლბონიმ.
2024 წელს ტურიზმის გადასახადებმა ბარსელონას 100 მილიონი ევრო უნდა მოუტანოს. ეს თანხა ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.