მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პსჟ „ბოტაფოგოსთან“ 0:1 დამარცხდა.
პირველ ტაიმში ფაქტიურად ცალკარა თამაში იყო, პარიზული გუნდი დომინირებდა, განსაკუთრებით კვარაცხელია აქტიურობდა, რომლის დებიუტში დარტყმული ბურთი მეკარე ჯონმა მოიგერია, შემდეგ ხვიჩამ ვერ უწია მიზანს. „კვარას“ ძალიან ეუხეშებოდნენ, ბარბოსამ საჯარიმოს ხაზთან ხელი ჰკრა, წააქცია და საბედნიეროდ ის ტრავმას გადაურჩა. მსაჯმა წესების დარღვევაც არ დააფიქსირა. მეტოქემ კი ლამის ერთადერთი კონტრშეტევისას დაწინაურება მოახერხა, როდესაც ჟეზუშმა პაჩოსგან რიკოშეტით გაუტანა დონარუმას.
შესვენების შემდეგ თამაში შედარებით გათანაბრდა და „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 55-ე წუთზე ოთხმაგი ცვლილება განახორციელა – მოედანზე ზაირ-ემერის, მეილიუს, ერნანდესის და ბერალდოს ნაცვლად ფაბიანი, ნევეში, ბარკოლა და მენდეში შეუშვა. თუმცა, რიო-დე-ჟანეიროელები თავს უნარიანად იცავდნენ, კომპენსირებულ დროში კვარაცხელიას საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს და პსჟ-მ მარცხი განიცადა.
B ჯგუფში 6 ქულით ლიდერი „ბოტაფოგოა“, პსჟ-ს და „ატლეტიკოს“ 3-3 ქულა აქვთ, „სიეტლ საუნდერსი“ კი უქულოდაა.
პსჟ 23 ივნისს, ბოლო ტურში „სიეტლ საუნდერსს“ დაუპირისპირდება, რომელიც დღეს „ატლეტიკოსთან“ 1:3 დამარცხდა, ხოლო „ბოტაფოგო“ „ატლეტიკოს“ შეხვდება.
პსჟ – ბოტაფოგო 0:1
გოლი: ჟეზუსი (36)
თურქეთის სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი ქართველი თავდამსხმელის სასწრაფოდ შეძენას გეგმავს
გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება – ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს
