უჯარმაში ტურისტული ობიექტი „ბარბალეს კოტეჯები უჯარმაში“ იხსნება, – ამის შესახებ ობიექტის დამფუძნებელმა, ზვიად კორძაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
„ბარბალეს კოტეჯები უჯარმაში“ კახეთში მდებარე მარნის “ბარბალეს მარნის” პროექტია, რომელიც მომხმარებელს 5 კოტეჯს, მარანსა და ეკო ტურებს შესთავაზებს. ობიექტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი სრულად დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.
კორძაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის კოტეჯები უკვე ჩადგმულია და ეზოს მოწყობა მიმდინარეობს. ის დასძენს, რომ ყველა კოტეჯს ინდივიდუალურად ყურძნის სახელები ერქმევა და სრული დატვირთვით 15-მდე ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.
„ობიექტში 5 კოტეჯია განთავსებული, რომელიც ისეთ კონდიციაშია, რომ ზაფხულიდან სტუმრების მასპინძლობას შეძლებს. ახლა მიმდინარეობს ეზოს მოწყობა. ყველა კოტეჯს კონკრეტული ყურძნის სახელი ექნება და ერთ ჯერზე, 15 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს.
ეს პროექტი მაღალმთიანი დასახლებების პროექტის ფარგლებში გაკეთდა. პროექტში დაახლოებით 300 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც სახელმწიფოს წილი დაახლოებით 90 000 ლარია, ხოლო დანარჩენი ჩვენ დავაფინანსეთ“, – ამბობს კორძაძე.
მისივე ცნობით, მარანთან ახლოს 2 ჰა-ზე ვენახების გაშენებაა დაგეგმილი, რისთვისაც ადგილი უკვე დამუშავებულია და ძირების ჩაყრას სავარაუდოდ 1 თვეში დაიწყებენ. იგეგმება, რომ ტერიტორიაზე დაახლოებით 5000 ძირი ვაზი უნდა ჩაიყაროს.
