,,ბარამბოს’’ პროდუქციის ფასი დაახლოებით 10%-ით გაძვირდა

მთელი მსოფლიოს მასშტაბით შოკოლადის ნედლეულზე ფასის მატების ტენდენცია ნარჩუნდება. ბოლო ერთ წელიწადში შოკოლადის ღირებულებამ 1 კგ.-ზე დაახლოებით 25 ლარით მოიმატა. ,,კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ იმოქმედა ნედლეულის გაძვირებამ ქართულ ბაზარზე. კითხვებით ჩვენ ,,ბარამბოს“ მივმართეთ. კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მათთვის ფასის შენარჩუნება გამოწვევა იყო. თავდაპირველად ,,ბარამბომ“ ფასი მარაგების ათვისებით შეინარჩუნა, თუმცა საბოლოოდ კომპანიას პროდუქციის 10%-ით გაძვირება მოუწია.
,,მიმდინარე წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შოკოლადის ნედლეულზე ფასის ზრდა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ბარამბოს პროდუქციის ნედლეულის 70% იმპორტირებულია, შესაბამისად ჩვენი ფასები იმპორტულ ნედლეულზე დიდწილადაა დამოკიდებული. კომპანიას მოუწია საფასო პოლიტიკის ადაპტირება გლობალური ბაზრის ტენდენციის შესაბამისად და ამავდროულად მუდმივად ითვალისწინებდა მომხმარებლის საჭიროებას. თავდაპირველად ფასის შენარჩუნება მოხდა არსებული მარაგების ათვისების ხარჯზე, შემდგომში გარკვეულწილად მარჟის დათმობით მოხდა ფასის შენარჩუნება, საბოლოოდ კი პროდუქციის ფასის დაახლოებით 10%-ით გაძვირდა.’’- აცხადებენ ,,ბარამბოში“.
,,ბარამბოში“ აცხადებენ, რომ საკონდიტრო სექტორში არსებული გამოწვევის მიუხედავად, გაყიდვები წინა წლის მაჩვენებლის ტოლია. რაც შეეხება ნაყინის კატეგორიას, 2024 წელს გაყიდვები 20%-ით გაიზარდა. კანფეტების უფრო მაღალი რეალიზება ახალი წლის დღეებში დაფიქსირდა. განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო შოკოლადისა და კანფეტების სასაჩუქრე ასორტები.
,,ჯამურად 2024 წელს ნაყინის კატეგორიის გაყიდვების მოცულობა გაიზარდა 20%-ით, ხოლო არსებული გამოწვევების ფონზე საკონდიტრო მიმართულებისთვის გაყიდვების მაჩვენებელი წინა წლის იდენტურია. წინასაახალწლოდ აღსანიშნავია კანფეტების და შოკოლადის სასაჩუქრე ასორტების გაყიდვების მზარდი ტრენდი. ამ მიმართულებით ბარამბო მომხმარებელს ყოველ წლიურად სთავაზობს სიახლეს. განახლებულ სასაჩუქრე ასორტებს და პროდუქციას ახალი წლის თემატიკით. ამის პარალელურად კარამელის კანფეტების კატეგორიის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველ წლიურად იკლებს.’’- აცხადებენ კომპანიის მარკეტინგის განყოფილებაში.