საქართველოს ბანკისა და თიბისის დირექტორებმა, არჩილ გაჩეჩილაძემ და ვახტანგ ბუცხრიკიძემ პირობა დადეს, რომ ბანკების თანამშრომლებს, ვისაც სურვილი ექნება მონაწილეობა მიიღოს საყოველთაო გაფიცვაში, რომელიც 15 იანვარს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე იგეგმება, პრობლემები არ შეექმნებათ.
ამის თაობაზე ბანკების დირექტორებს 13 იანვარს შეხვდნენ აქციებისას დაკავებული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე, პროტესტში ჩართული აქტივისტები: პაატა ციკოლია, კახა კინწურაშვილი, ელენე ქაიხოსროშვილი, ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი.
„ჩვენ მოვედით თხოვნით, რომ თუკი მათი თანამშრომლები გაიფიცებიან, არ ჰქონდეთ შეზღუდვა თავისუფალი ნების გამოხატვაში, არ დაისაჯონ. ამის პირობა მოგვცეს. ქვეყანა წყობიდან არის გამოსული. გაფიცვა არის პროტესტის მშვიდობიანი ფორმა. ის არის ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომა, მათ შორის, პატიმრებისთვის, მშობლებისთვის, ქვეყნისთვის. უნდა გავიმარჯვოთ. დავაბრუნოთ უკანონო პატიმრები სახლებში და დავნიშნოთ ახალი არჩევნები“, — ამბობს ლიკა გუნცაძე, აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედა.
„15 იანვარს გაფიცვა იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ დაინახოს საკუთარი თავი ქართულმა საზოგადოებამ და შეაფასოს, რამხელა ძალა აქვს, რომ შეუძლია ააშენოს ისეთი ქვეყანა, როგორსაც იმსახურებს. […] ქართულ საზოგადოებას პირი აქვს დიდი ხანია შეკრული, რომ უნდა ცვლილება“, — თქვა შეხვედრებიდან გამოსულმა რეჟისორმა პაატა ციკოლიამ.
„ყველას გვესმის, რა წნეხია ყველაზე. დილიდან სუსის მანქანა დაგვყვება ჩვენც, წარმომიდგენია, მათ (ბანკების ხელმძღვანელებს) როგორ უყურებს „დიდი ძმა“, თუმცა, დასუსტებული და აგონიაში მყოფი. ყველა აცნობიერებს ეროვნული კრიზისის მასშტაბს, მათ შორის, ბანკები. ისინი ნამდვილად არავის შეუშლიან ხელს საკუთარი უფლებების გამოხატვაში და ამას თავადაც დაადასტურებენ, რა ფორმით, თავადვე მოძებნიან“, — აღნიშნა მწერალმა და დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ.