12-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც დავის პროცესის დასრულებამდე ბანკებმა მომხმარებლებს, საკუთარი ინიციატივით, 88 000 ლარი აუნაზღაურეს, რაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი კომისიის მუშაობის ერთ-ერთი დადებითი შედეგია, – ამის შესახებ ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის თავმჯდომარემ ნინო ქურიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბანკები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რადგან საჩივრის წარდგენისა და წარმოებაში მიღების შემდეგ საქმის დეტალური შესწავლა ბანკებთან კომუნიკაციის გზით იწყება.
“საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია დამოუკიდებელი ორგანოა, რომლის მთავარი მისია საგადასახადო მომსახურების სფეროში მომხმარებლების უფლებების დაცვაა. კომისია იღებს საჩივრებს, რომელიც უშუალოდ საგადახდო მომსახურებებთან არის დაკავშირებული. კომისია 1 წლის წინ დაარსდა. ამ ეტაპისთვის, 100-ზე მეტი საჩივარია განხილული და ჯამში 301 600 ლარია ანაზღაურებული. გარდა ამისა, აქტიურ ფაზაშია 25 საჩივარი, რომელიც განხილვის პროცესშია.
ძირითადი მომართვიანობა ეხება არასანქცირებულ ტრანზაქციებს. როდესაც საბარათე მონაცემების გაჟონვა სხვადასხვა მეთოდით ხდება, ან არამართებულად წარმოებულ დისტანციურ ციფრულ არხებში არასწორი გადარიცხვები ხორციელდება. ეს ის შემთხვევებია, როდესაც მომხმარებელი რაიმე თაღლითური სქემის მსხვერპლი უნებლიეთ ხდება”, – აცხადებს ნინო ქურიძე.
bp.ge
