„ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში“
კომერციულმა ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ფინანსური სისტემის კოლაფსის ტოლფასი იქნება, – ასე ეხმაურება „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ზვიად ხარაზიშვილის, მილერი ლაგაზაურის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის დასანქცირების საკითხს.
„ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ ოთხი პირისადმი, შსს-ს მაღალჩინოსნებისა და ალტინფოს წარმომადგენლებისადმი დაწესებული იქნა არა სავიზო, არამედ საფინანსო სანქციები, ისეთი სახის, როგორიც იქნა დაწესებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ფარცხალაძის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკები, რომლებიც ამ პირებს ხვალიდან მოემსახურებიან, მოექცევიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ. ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სანქციების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოხდება მხოლოდ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. დღეიდან ქართული ბანკები წინააღმდეგობაში
ვარდებიან-დაიცვან ეროვნული ბანკის დადგენილება თუ დაექვემდებარონ საერთაშორისო სანქციებს. კომერციულმა ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ფინანსური სისტემის კოლაფსის ტოლფასი იქნება“, – აცხადებს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, აშშ-ის ხაზინამ 2024 წლის 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ამ პირების სანქცირება მოხდა გლობალური მაგნიტსკის სიის შესაბამისად, რაც მსოფლიოს გარშემო ადამიანის უფლებათა შეზღუდვაში პასუხისმგებელი პირების სანქცირებისთვის გამოიყენება.
ეს საქართველოს მოქალაქეთათვის ფინანსური სანქციების დაწესების მეორე შემთხვევაა, 2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-ის ხაზინამ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან დაკავშირებული კომპანიები დაასანქცირა, აღნიშნულის შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გამოსცა საგამონაკლისო ბრძანება, რომლის მიხედვითაც საქართველოში საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულება უნდა მოხდეს მხოლოდ ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, რასაც პროტესტის ნიშნად საქართველოს ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა. აღნიშნულ პერიოდში წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა განაცხადეს, რომ ისინი საერთაშორისო სანქციების რეჟიმის მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედებდნენ.