„ბანკები ცდილობენ, რომ აქტიური მარკეტინგული გაყიდვებით მოახერხონ სასესხო პორტფელის ზრდის ტემპის შენარჩუნება“ – გიორგი კეპულაძე

საბანკო სექტორმა ქცევა დაახლოებით ერთი წლის წინ შეცვალა და სესხების გაცემის უფრო კონსერვატიული მიდგომა აირჩია. ბანკები უძრავი ქონების დაკრედიტებისგან თავს იკავებენ. ფრთხილი პოლიტიკის, იპოთეკური და დეველოპერული სესხების გაცემის შეზღუდვის მიუხედავად, საბანკო სექტორი ადამიანებს სამომხმარებლო სესხს აქტიურად სთავაზობს. მომხმარებლები შეთავაზებებს როგორც სატელეფონო ზარებით, ასევე მოკლეტექსტური შეტყობინებებითა და სხვადასხვა პლატფორმაზე განთავსებული რეკლამებით იღებენ.
,,კომერსანტი’’ დაინტერესდა რით შეიძლება აიხსნას ბანკების გააქტიურებული მარკეტინგული კამპანია. კითხვით ჩვენ ,,საზოგადოება და ბანკების“ თანადამფუძნებელს გიორგი კეპულაძეს მივმართეთ. მისი განცხადებით, ერთ-ერთი პირველი, ვინც ეკონომიკაში კრიზისის მომწიფების ნიშნებს ხედავს საბანკო სექტორია. ბანკებმა 2024 წელს დაგეგმილი პორტფელები ვერ შეასრულეს, რაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ მიმდინარე წელსაც საბანკო სექტორს გეგმის შესრულება გაუჭირდება, რის გამოც ისინი ახალ რეალობაზე გადაწყობას ცდილობენ. გააქტიურებული სარეკლამო კამპანია და მომხმარებლისთვის სამომხმარებლო სესხების მასიურად შეთავაზება კი სწორედ პორტფელში სესხების წილის კლებას უკავშირდება.
,,2024 წლის დაგეგმილი პორტფელი ძალიან ბევრი მიმართულებით ვერ შესრულდა. ჩვენ არ ვიცით ზუსტად კონკრეტულ ბანკებს რამდენი ჰქონდათ გეგმა. ეს კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ ფაქტია გააქტიურებული მარკეტინგული კამპანია არის პირველი ნიშანი იმის, რომ მეტ ფულს ხარჯავენ მარკეტინგზე იმისთვის, რომ მეტი გაყიდონ. როდის აცხადებენ კომპანიები ან ბანკები აქციას? როცა გაყიდვების გაზრდა უნდათ, რეკლამას მაშინ აკეთებენ. რამდენი ხანია, მთელი წინა წელია, რომ ბანკის რეკლამა სესხი აიღეო არ შემხვედრია. გააქტიურდნენ წლის ბოლოს, რადგან პორტფელების გეგმას ვერ ასრულებდნენ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე. წელს უკვე გეგმა სხვანაირი იქნება. ბანკები მიხვდნენ, რომ ის გეგმა რაც 2025 წელთან დაკავშირებით წინა წელს ჰქონდათ აღარ გამოადგებათ და უნდა გადაალაგონ.’’- აცხადებს გიორგი კეპულაძე.
როგორც ზევით აღვნიშნეთ, ბანკები იპოთეკურ და დეველოპერულ სესხებს აღარ გასცემენ. შესაბამისად, მათ პორტფელებში ამ ტიპის სესხის წილმა იკლო. გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ ეს ბანკების სიფრთხილით და კონსერვატიული მიდგომით აიხსნება. გარდა ამისა, ადამიანები ამ ტიპის სესხის აღებისგან თავს იკავებენ, რადგან ეს გრძელვადიანი და მსხვილი ფინანსური ვალდებულებაა, რომელიც რისკებს უკავშირდება. გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ სესხის აღებისა და გაცემის პროცესში მოლოდინები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კრიზისის ფონზე კი ადამიანები ნაკლებს ხარჯავენ და ფინანსურს რესურსებს მეტად უფრთხილდებიან.
,,იპოთეკური სესხების პორტფელი ჩამოსცდა 10%-ს. ეს არის გამოწვეული პირველ რიგში იმით, რომ ქვეყანაში მოლოდინები არის გაუარესებული. ადამიანებს გრძელვადიანი და მსხვილი სესხის აღების მზაობა არ აქვთ იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიურად ზოგი სამსახურს კარგავს, ზოგს აჯარიმებენ და ზოგადად ქვეყანაში გაურკვეველი მდგომარეობაა. შესაბამისად, ადამიანები გრძელვადიანი ვალდებულების აღებას ერიდებიან. კრიზისის ფონზე ადამიანებმა ზოგადად მოუკლეს ხარჯვას, რამაც გამოიწვია ის, რომ ბანკებისთვის დაიწყო პორტფელების შემცირება. ბანკებს უწევთ აქტიური მარკეტინგული კამპანიების ჩატარება. არა მხოლოდ სატელეფონო ზარებით, არამედ ესემესებით და ინტერნეტშიც უფრო ხშირად გვხვდება რეკლამა სხვადასხვა სესხის შესახებ. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ პორტფელი არ იზრდება (არც ერთი პორტფელი) და ბანკები ცდილობენ, რომ აქტიური მარკეტინგული გაყიდვებით მოახერხონ პორტფელის ზრდის ტემპის შენარჩუნება. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერზე დამოკიდებულია მათი შემოსავლები.’’- აცხადებს გიორგი კეპულაძე.
მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა შემცირებულია სამომხმარებლო სესხზეც. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის სესხის აღება უფრო მარტივია და მის სანაცვლოდ ბანკი გარანტიებს არ ითხოვს, ადამიანები ამ ფინანსური ვალდებულების აღებისგან თავს იკავებენ.
,,სამომხმარებლო სესხი არის მოკლეხნიანი. მაქსიმუმ 3 წლიანი შეიძლება იყოს. შესაბამისად, სამომხმარებლო სესხის აღების გადაწყვეტილებას ადამიანები უფრო ადვილად იღებენ, მაგრამ ამ მიმართულებითაც არ არის საკმარისი ზრდა. სამომხმარებლო სესხი არანაირ მიზნობრიობას არ მოითხოვს და ბანკი არანაირ გარანტიას არ გთხოვს. მაგრამ, როდესაც კრიზისია ქვეყანაში ადამიანები თუნდაც სამოგზაურო სესხის აღებას და ფულის დახარჯვას უფრო მეტად ერიდებიან. ეს ლოგიკურია. ადამიანები კარგად ხვდებიან, რომ პრობლემებია და კრიზისია. ამას კვლევებიც აჩვენებს. ადამიანები სამომხმარებლო სესხის აღებასაც ერიდებიან. ეკონომიკაში დღეს მათემატიკა არის ალბათ 10-20%. დანარჩენი 80% არის ფსიქოლოგია, ადამიანების განწყობა, როგორი მოლოდინი აქვთ. მით უმეტეს ხედავ, რომ ხვალ შეიძლება ან შენ დარჩე უმუშევარი ან შენი ოჯახის წევრი და რისკი შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაგეზარდოს, ხარჯი გაგეზარდოს და შეგიმცირდეს შემოსავალი, ბევრი ვერ რისკავს. ამას ბანკებიც ხედავენ. თებერვალში ძირითადად შემცირდა ავტომობილებისა და ტელეფონების იმპორტი. რასთან არის ეს დაკავშირებული? ანუ ფუფუნების საგნებს, ძვირად ღირებულ ავტომობილებსა და ტელეფონებს ადამიანები ნაკლებად ყიდულობენ. რატომ? ელოდებიან უფრო დიდ კრიზისს. ადამიანის ქცევა ყოველთვის არის რაციონალური. ’’- განმარტავს გიორგი კეპულაძე.
,,საზოგადოება და ბანკების“ თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ ეკონომიკაში შექმნილ პრობლემებს ერთ-ერთი პირველი ვინც აღიქვამს საბანკო სექტორია. მისი თქმით, უკვე შეინიშნება ეკონომიკური კრიზისის პირველი ნიშნები და ბანკებიც შესაბამისად რეაგირებენ.
,,ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისის პირველი ნიშნები. ეს როგორც წესი აისახება ხოლმე უძრავ ქონებაზე. ბანკები ცდილობენ უფრო მეტად დააზღვიონ რისკები და უფრო მეტი გარანტია ჰქონდეს იმისი, რომ სესხი დაბრუნდება. ამიტომაც ერიდებიან ბანკები ახალი სესხების გაცემას თუ კომპანია მხოლოდ დეველოპმენტშია. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა იანვარში ყველა დაგვაბნია. როგორ დათვალა საქსტატმა, როცა ამხელა ზრდის არანაირი ნიშანი არ ჩანს ეკონომიკაში. ბანკები თავს ხომ ვერ მოიტყუებენ. ისინი ხვდებიან, რომ არის კრიზისის ნიშნები და ისინიც ცდილობენ, რომ ეს რისკები მაქსიმალურად დააზღვიონ.’’- აცხადებს გიორგი კეპულაძე.
,,საზოგადოება და ბანკების“ თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ ბანკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რადგან რაც მეტი შემოსავალი აქვს ადამიანს, მით უფრო მარტივად იღებს სესხის აღების გადაწყვეტილებას. ბანკისთვის კი მთავარი პრიორიტეტი სესხის გაცემაა.