ბანკების მიმართ პრეტენზიები გაიზარდა – რაზე ჩივიან მომხმარებლები

კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში მათ მიმართ მომხმარებლების მხრიდან 20 223 საჩივარი დაიწერა, წინა წლის შესაბამის პერიოდში – 19 715.
სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ნოემბერში 2072 პრეტენზია დაფიქსირდა, საიდანაც ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე დაფიქსირდა.
პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2023 წლის ნოემბერში) ასე გამოიყურება:
· მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი – 914 განაცხადი;
· სამომხმარებლო სესხი – 478 განაცხადი;
· საკრედიტო ბარათი – 192 განაცხადი;
· ინტერნეტბანკი – 59 განაცხადი;
· მომენტალური განვადება – 47 განაცხადი.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი – 814 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები – 489 განაცხადით, მე-3 ადგილზეა ადმინისტრაცია/მომსახურება 334 საჩივრით და ა.შ.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ნოემბერში 2 072 საჩივრიდან ბანკებმა 1 011 განაცხადი – უსაფუძვლოდ, 339 – საფუძვლიანად მიიჩნიეს; 715 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 7-ის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.

ასევე დაგაინტერესებთ