ბანკების მიერ მოზიდული დეპოზიტების მოცულობამ ნოემბერში 25,1 მლრდ ლარს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კომერციული ბანკების მიერ ლარში მოზიდული ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობამ ნოემბერში 25,15 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 6,5 მლრდ ლარით აღემატება 2022 წლის ნოემბრის მაჩვენებელს. წინა თვესთან, ოქტომბერთან შედარებით კი დეპოზიტების მოცულობა 150 მლნ ლარით არის გაზრდილი.
დეპოზიტებიდან 7,43 მლრდ ლარი მიმდინარე ანგარიშებზე მოდის, 6,48 მლრდ – დეპოზიტებზე მოთხოვნამდე, ხოლო 11,24 მლრდ – ვადიან დეპოზიტებზე. რაც შეეხება ვადიან დეპოზიტებს, ყველაზე დიდი წილი – 5,4 მლრდ ლარი – 1 წელზე მეტი ვადით განთავსებულზე მოდის, 6–დან 12 თვემდე ვადით ბანკებში 1,995 მლრდ ლარია განთავსებული, 3–დან 6 თვემდე ვადით – 1,43 მლრდ ლარი, 1–3 თვემდე – 761 მლრდ ლარი, ხოლო 1 თვემდე ვადით 1,66 მლრდ ლარია ანაბარზე.
დეპოზიტების წლიურ სარგებელს რაც შეეხება, ყველაზე მაღალი პროცენტი – 11,82% – ვადიან დეპოზიტებზე ირიცხება. ყველაზე დაბალი – 9,18% – მოთხოვნამდე დეპოზიტებზეა, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე 10,24% ირიცხება.
განსხვავებულია სარგებელი ვადიან დეპოზიტებზე ანაბრების ხანგრძლივობის მიხედვითაც. ყველაზე მაღალი 1 წელზე მეტი ვადით განთავსებულ დეპოზიტებზე მოდის – 12,56%, 12,4% ერიცხება 6–12 თვემდე დეპოზიტებს, 3–6 თვემდე – 11,25%, 1–3 თვემდე – 11%, ხოლო 1 თვემდე – 10,03%.