ბანკების მიერ გაცემული სესხები ნოემბერში წლიურად 16.3%-ით, დეპოზიტები კი 17.7%-ით გაიზარდა

ნოემბერში, საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 7.5 მლრდ ლარით გაიზარდა (თვიურად 574.9 მლნ ლარით გაიზარდა) და 50.2 მლრდ ლარი შეადგინა. რაც შეეხება სესხებს, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 16.3%-ით გაიზარდა.
„ნოემბერში, საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 7.5 მლრდ ლარით გაიზარდა (თვიურად 574.9 მლნ ლარით გაიზარდა) და 50.2 მლრდ ლარი შეადგინა. სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად 17.7%-ით გაიზარდა, მეტწილად ეროვნული ვალუტის დეპოზიტების მატების გავლენით. ნოემბერში წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტის სადეპოზიტო ვალდებულებები 13.2 მლნ ლარით (0.1%-ით) გაიზარდა და 24.6 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა, მიმდინარე ანგარიშების მატებამ გამოიწვია. რაც შეეხება უცხოური ვალუტის დეპოზიტებს, წინა თვესთან შედარებით 548.9 მლნ ლარით გაიზარდა. სამთავრობო სექტორის დეპოზიტები 443.9 მლნ ლარით შემცირდა.
ნოემბერში დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები (მთავრობის გარეშე) წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით გაიზარდა და 6.6% შეადგინა. ეროვნული ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით 8.5%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით გაიზარდა და 1.8% შეადგინა. რეზიდენტების ლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით შემცირდა და 11.6% შეადგინა, ხოლო დოლარის ვადიანი დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით 2.6%-მდე გაიზარდა. ევროს ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით, 1.3%-მდე, შემცირდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.
უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 0.3 პპ-ით გაიზარდა და 50.8% შეადგინა.
რაც შეეხება სესხებს, ნოემბერში, სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.4 პპ-ით გაიზარდა და 13.7% შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით 16.1%-მდე გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 1.2 პპ-ით 8.6%-მდე შემცირდა.
„ნოემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 16.3%-ით გაიზარდა. სესხების ზრდის ტემპმა წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით მოიმატა. ნოემბერში, ლარით დაკრედიტება წლიურად 16.0%-ით, 27.9 მლრდ ლარამდე გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 8.8 პპ-იანი წვლილი შეიტანა. უცხოური ვალუტის დაკრედიტების ზრდის ტემპი (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) მცირედით შენელდა, წლიურად 16.6%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 7.5 პპ-იანი წვლილი შეადგინა. უცხოური ვალუტის სესხები მეტწილად ბიზნეს სესხებია, რომლის ზრდის ტემპი, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 0.1 პპ-ით 9.8%-მდე შემცირდა. იპოთეკური სესხების წვლილმა მთლიანი სესხების ზრდაში 2.1 პპ შეადგინა. სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი კვლავ მაღალ დონეზეა და მთლიან სესხების ზრდაში 4.1 პპ-იანი წვლილი შეიტანა
ნოემბერში, იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ- ით 13.1%-მდე გაიზარდა. იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი კი 0.3 პპ-ით შემცირდა და 11.5% შეადგინა. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 1.2 პპ-ით 9.1%-მდე შემცირდა. უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.1 პპ-ით 7.6%-მდე შემცირდა.
ნოემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით, 0.2 პპ-ით გაიზარდა და 45.5%-ს გაუტოლდა. იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია წინა თვესთან შედარებით 0.4 პპ-ით და 64.4%- მდე გაიზარდა, ხოლო ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია უცვლელია და 28.9%-ის დონეზეა“, – ნათქვამია სებ-ის თვის მიმოხილვაში.