ბანკებთან აფილირებული სადაზღვევოების მოზიდული პრემია სექტორის 41%-ს აჭარბებს

2023 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 818 მილიონი ლარი. მათ შორის ბანკების საკუთრებაში არსებული სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია 351 მლნ. ლარს უტოლდება.
მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე ლიდერი „ჯიპიაი“ (145 მლნ. ლარი) , მეორეა – „“ (131 მლნ ლარი), მესამე ადგილზეა „ალდაგი“ (126 მლნ ლარი), მეოთხეა „იმედი L“ (77 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია „არდი“ (76 მლნ ლარი) იკავებს.
გადანაცვლება მოხდა მეექვსე და მეშვიდე ადგილზე მდგომ კომპანიებს შორის, შარშანდელისგან განსხვავებით მიმდინარე წელს მეექვსე ადგილს „ირაო“, ხოლო მეშვიდე ადგილს „უნისონი“ იკავებს. ასევე მერვე ადგილზე გადაინაცვლა „ბენეფიტმა“ და „პსპ დაზღვევას“ გადაუსწრო.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი“ ლიდერობს 40.1 მლნ. ლარით, მას მთლიანი წილის 26% უკავია. მეორე ადგილზე „ალდაგია“ 34.7 მლნ ლარით.
ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ კი 96.4 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაშიც ლიდერი „ალდაგია“, მასზე მოზიდული პრემიის 44.4% მოდის. მეორე ადგილზე კი „თიბისი დაზღვევაა“.
წლებია დაზღვევის ბაზარზე დომინანტური პოზიციები, განსაკუთრებით ავტოდაზღვევის და ქონების დაზღვევის კუთხით, ბანკების საკუთრებაში არსებულ სადაზღვევო კომპანიებს უკავიათ, ამას ზემოთ მოყვანილი სტატისტიკაც მოწმობს.
სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ბანკების მიერ სადაზღვევო ბიზნესების ფლობის კანონის დონეზე შეზღუდვის ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა. ისინი როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს მიმართავდნენ, ცვლილებები შესულიყო „ბანკების შესახებ კანონში“, რათა კომერციულმა ბანკებმა ახალი ლიცენზიების აღება ვეღარ შეძლონ, ხოლო მათ კი, ვინც უკვე ფლობს სადაზღვევო კომპანიებს, მიეცეთ გონივრული ვადა აღნიშნული აქტივი გაასხვისონ. თუმცა პრობლემა დღემდე აქტუალური და მოუგვარებელია.
სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები წლებია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არაერთხელ სცადეს, თუმცა ამ დრომდე გრძელდება ბანკების მიერ საკუთარი მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვა და მათი იძულება იპოთეკური ან ავტო სესხის აღებისას შეიძინონ მხოლოდ მათთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიების პოლისები, აღნიშნული განსაკუთრებით მკვეთრად იკვეთება „თიბისი ბანკის“ („თიბისი დაზღვევა“), „ბაზისბანკის“ („ბბ დაზღვევა“) და „ს“ („ალდაგი“, „იმედი L“) მაგალითზე.