ბანანის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა – სად ვყიდულობთ და რამდენად

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ბანანის იმპორტი წლიურად 13.7%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, წელს 11-თვეში იმპორტირებულია 39.6 მილიონი დოლარის ღირებულების 47 476 ტონა ბანანი, რაც ისტორიული მაქსიმუმია (ცნობისთვის, საქსტატზე მონაცემები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი). 2024 წლის იანვარ-ნოემბერში კი ქვეყანაში 34.9 მილიონი დოლარის ღირებულების 42 376 ტონა ბანანი შემოვიდა.
რაც შეეხება ფასს, გასულ წელს 1 კგ. ბანანის იმპორტი გადასახადების გარეშე საშუალოდ 82 ცენტი ჯდებოდა, წელს კი ფასი მცირედით – 83 ცენტამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში იმპორტირებული ბანანის 97.7% ეკვადორიდან შემოვიდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 5 ძირითადი სავაჭრო ბაზარი ასე გამოიყურებოდა:
· ეკვადორი – 38.7 მლნ აშშ დოლარის 46 447 ტონა;
· თურქეთი – 335 ათასი აშშ დოლარის 390 ტონა;
· აშშ – 173 ათასი აშშ დოლარის 215 ტონა;
· გერმანია – 118 ათასი აშშ დოლარის 111 ტონა;
· ეგვიპტე – 105 ათასი აშშ დოლარის 143 ტონა.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“