ბამბუკის კომპოზიტური დაფების მწარმოებელი “აიბამბუ” წლის ბოლოსთვის ბამბუკის ავეჯის წარმოების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრე დავითაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ცნობისთვის, „აიბამბუმ“ ბამბუკის კომპოზიტური დაფების აქტიური რეალიზაცია მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. წლის ბოლოსთვის კი წარმოების გამრავალფეროვნება იგეგმება.
“ჩვენ ახლა ვაწარმოებთ ბამბუკის მასალას, რომელიც შემდგომ სხვადასხვა დანიშნულებით დამუშავებას ექვემდებარება. ჩვენს პროდუქტს იყენებენ ყველაფერ იმისთვის, რისთვისაც ამ დრომდე ლამინატი, მასიური ხე და ე.წ. ემდეეფი გამოიყენება. მისი გამოყენება შეიძლება პატარა აქსესუარების, ასევე იატაკის, ავეჯის და ნებისმიერი ზედაპირის საწარმოებლად. ამიტომ წლის ბოლოსთვის, ავეჯის წარმოების დაწყებაც გვინდა. ასევე, ჩვენი გეგმაა, რომ სხვადასხვა ტიპის საცალო და საბითუმო წარმოებაც შევძლოთ”, – აღნიშნა ალექსანდრე დავითაძემ.
მისივე თქმით, “აიბამბუს” ნაწარმი ბაზრისთვის ახალი და ინოვაციურია, თუმცა მის შესახებ ჯერჯერობით ცნობადობა არ არის მაღალი. ამიტომაც წლის ბოლომდე კომპანიის გეგმაში პროდუქციის პოპულარიზაციაც შედის.
“უფრო მეტ ადამიანს უნდა გავაგებინოთ ჩვენი უპირატესობა… ჩვენ შეგვიძლია 14 სმ სისქის დაფის წარმოება. მსგავსი ტიპის ხის მასალის შექმნა ბუნებაში შეუძლებელია. იგი გამოირჩევა სიმყარით. ზოგადად, ბამბუკის ზედაპირი მუხის ზედაპირზე დაახლოებით 9-ჯერ უფრო მკვრივია, ამიტომ ტექნიკური მახასიათებლები არის ძალიან მაღალი. ის შეიძლება გამოიყენონ რთული ინდუსტრიული წარმოების პროცესშიც”, – განაცხადა ალექსანდრე დავითაძემ.
მისივე თქმით, ინვესტიცია, რაც საწარმოს ასამოქმედებლად ამ დრომდე ჩაიდო, 2 მლნ ლარს აჭარბებს.
“აიბამბუ” ამ ეტაპზე 9 ადამიანს ასაქმებს, მათი უმრავლესობა ქალია. საწარმოს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ის საქმე, რაც ბამბუკის საწარმოში არის შესასრულებელი, არ არის მძიმე და სკულპულოზურია და დაკვირვებას მოითხოვს. ამიტომაც ქალების მხრიდან დასაქმების დაინტერესება დიდია.
