ბალტიისპირეთის ქვეყნები 2025 წლის 8 თებერვალს გამოეთიშებიან რუსეთთან და ბელარუსთან ერთიანი ელექტრო სისტემიდან, ხოლო 9 თებერვლიდან შეუერთდებიან ევროპის ელექტრო ქსელს. ამის შესახებ რუსული ინტერფაქსი იტყობინება.
„დესინქრონიზაციის პროცესი, რომელიც დაახლოებით 20 წელი გაგრძელდა, დასრულდება მას შემდეგ, რაც ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ელექტროსისტემის ოპერატორები რუსეთსა და ბელარუსს გამოუცხადებენ, რომ ისინი აღარ გააგრძელებენ მუშაობას ერთობლივ სინქრონულ სივრცეში“, – ამის შესახებ ესტონეთის ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მინისტრის მოადგილემ იანუს უიგამ ჟურნალისტებს განუცხადა.
2025 წლის 9 თებერვალს ბალტიისპირეთის ქვეყნები კონტინენტური ევროპის ელექტრო ქსელს ლიტვურ-პოლონური კავშირის საშუალებით დაუკავშირდებიან. მთლიანი პროექტის ღირებულება 1,6 მილიარდი ევროა. ხარჯების სამი მეოთხედი ევროკავშირის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.
ლატვია, ლიტვა და ესტონეთი ევროკავშირის ბოლო ქვეყნებია, რომლებიც ჯერ არ შეერთებიან კონტინენტური ევროპის ქსელს.
ამჟამად ბალტიის სამივე ქვეყანა БРЭЛЛ-ის (ელექტრული რგოლი ბელორუსია-რუსეთი-ესტონეთი-ლატვია-ლიტვა) ნაწილია, რომლის სიხშირესაც რუსული სისტემის ოპერატორი ინარჩუნებს.
მოსალოდნელია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ოფიციალურად გამოაცხადებენ BRELL-იდან გასვლას 2024 წლის აგვისტოში, ხოლო კონტინენტური ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან სინქრონიზაცია 2025 წლის თებერვალში მოხდება. მანამდე სინქრონიზაცია 2025 წლის ბოლოს იგეგმებოდა.