უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბალტიის ქვეყნების ტურნეს ფარგლებში ჩავიდა ესტონეთში, რათა გააძლიეროს თავისი ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების მიღების ძალისხმევა.
ზელენსკი ტალინში ლიეტუვიდან ჩავიდა. მას თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.
“დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ახლო მეგობრებს და მოკავშირეებს, ზელენსკის და დმიტრო კულებას, ტალინში. ჩვენ უკრაინისთვის ძლიერი სათქმელი და დასტური გვაქვს, რომ ესტონეთი მყარადაა მათ გვერდით და ერთად ამ ომში გავიმარჯვებთ”, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგულ ცახნა პლატფორმა X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ტურნე ბალტიის ქვეყნებში მოულოდნელად გამოცხადდა და მოიცავს ვიზიტს ლატვიაშიც. ზელენსკის თქმით, ტურნე ეხება სამხედრო დახმარების, უკრაინელი სამხედროების წვრთნისა და განაღმვის ერთობლივი სამუშაოების საკითხებს.
ბალტიის ქვეყნები უკრაინის ახლო მოკავშირეები არიან მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში იქ რუსეთი შეიჭრა.