ბალტიისპირეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტი ლიეტუველმა მოიგო

ლატარიის კომპანია „ოლიფეიას“ ცნობით, ქალაქ კედაინიაიში შეძენილი ლატარიის ბილეთით ერთ-ერთმა ლიეტუველმა თითქმის 81 მილიონი ევრო მოიგო.
ბილეთმა, რომელშიც ზუსტად არის გამოცნობილი ხუთი ძირითადი და ორი დამატებითი ნომერი, მოხსნა ჯეკპოტი, რომლის ოდენობამ 80 მილიონ 980 ათასი ევრო შეადგინა.
„ოლიფეიას“ განმარტებით, მოგებული თანხა ლატარიების ისტორიაში ყველაზე დიდია არა მხოლოდ ლიეტუვას, არამედ ბალტიისპირეთის ქვეყნების მასშტაბითაც.
ლატარიის ორგანიზატორების თქმით, „ევროჯეკპოტის“ ლატარიის იღბლიანი ბილეთი ბასანავიჩიუსის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ნორფაშია“ შეძენილი.
„მივიღეთ ინფორმაცია, რომ თანხის მოგების ამბავი გამარჯვებულისთვის ცნობილია. მას ამ კვირაში ჩვენს ოფისში ველოდებით, რის შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება“, – განუცხადა ლიეტუვას ეროვნულ ტელე-რადიო მაუწყებელს (LRT.lt) „ოლიფეიას“გენერალური დირექტორის მოადგილემ, დონატას კაზლაუსკასმა, რომელმაც დასძინა, რომ მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გაამჟღავნებს.
კითხვაზე, ჯეკპოტის მოგების რა შანსები არსებობს, კაზლაუსკასი პასუხობს: „ასი მილიონიდან ერთი“.
ლიეტუვაში ლატარიის ბილეთით ყველაზე დიდი მოგება აქამდე 24 მილიონი ევრო იყო და ის 2022 წელს გათამაშდა.
ლიეტუვას ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი საზოგადოებას იმასაც იხსენებს, რომ აზარტული თამაშები გართობის განსაკუთრებული სახეობაა, რომლის ბოროტად გამოყენებამ შეიძლება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გამოიწვიოს. ასეთმა დამოკიდებულებამ, თავის მხრივ, შესაძლოა, სხვადასხვა სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნას არა მხოლოდ თავად მოთამაშეებს, არამედ მათთვის ძვირფას ადამიანებსაც.
წყარო: 1 არხი