ბალდის კანიონის მცველზე თავდამსხმელს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბალდის კანიონის მცველზე თავდამსხმელს, კომპანია „კანიონი 350“-ის თანამშრომელს გელა ხურცილავას 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად დაწყებული მოძრაობა ავრცელებს.
„მოსამართლემ დამნაშავედ ცნო ორივე თავდამსხმელი – კომპანია კანიონი 350″-ის თანამშრომელი გელა ხურცილავა და მისი ძმა გიგა ხურცილავა. მინდია ბჟალავას მკვლელობის მცდელობის გამო, გელა ხურცილავას 10 წელი მიესაჯა. მის ძმას, გიგა ხურცილავას, 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, მოსახლეობის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის.
თავდამსხმელებს სასამართლოში ინვესტორი კომპანიის ადვოკატები იცავდნენ. სასამართლო სხდომებზე ცხადად გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მისია არა ბრალდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქება, არამედ ინვესტორის იმიჯის გადარჩენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ყველა ბალდელი შემწყნარებლურ დამოკიდებულებას გამოხატავდა, კომპანიის ადვოკატებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა თავდამსხმელებს დანაშაული არ ეღიარებინათ. კომპანიის ადვოკატები ხელს უშლიდნენ მხარეებს შორის კომუნიკაციასაც.
მრავალი მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, “კანიონი 350”-ის ადვოკატები სასამართლოში ამტკიცებდნენ, რომ თითქოს, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მინდია ბჟალავა თავად მიეჭრა თავდამსხმელს და თითქოს, მისთვის დანით მიყენებული 7 ჭრილობა უბრალოდ, ნაკაწრები იყო.
სასამართლო განხილვების განმავლობაში, სოფელს არ დაუკარგავს იმედი, რომ ბრალდებულები არ დაუჯერებდნენ მოძალადე კომპანიის მანიპულაციურ სტრატეგიას და ჩადენილ დანაშაულს მოინანიებდნენ. სასამართლო პროცესებზე 17-ივე დაზარალებული გამოთქვამდა წუხილს ბრალდებულების ბედზე და იტოვებდა იმედს, რომ მონანიების შემთხვევაში, დაკავებულებს მსჯავრი შეუმსუბუქდებოდათ. სოფლის ამ განწყობამ შედეგი გამოიღო – დასკვნით მოსმენაზე, ბრალის აღიარების შემდეგ, გიგა ხურცილავას სასჯელი გაუნახევრდა და მან საპატიმრო უკვე დატოვა“, – ნათქვამია ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად დაწყებული მოძრაობის განცხადებაში.
ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც შპს „კანიონი 350-ის“ მიერ მიმდინარე სამუშაოებს კარვებში აპროტესტებდნენ, 2024 წლის 11 ივნისს, ღამით თავს დაესხნენ, რა დროსაც ორი პირი დაჭრეს.