მოძრაობის “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” ცნობით, დღეს, 12 ივნისს “მოტყუებით, დაკითხვის საბაბით პოლიციამ სახლიდან გამოიყვანა მოძრაობის წევრი დიკო ბჟალავა”, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციამ განმარტა, რომ ბჟალავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.
მოძრაობის ინფორმაციით, ბჟალავას მომჩივნის ქმარი გუშინ ღამით აქტივისტებზე თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილეა.
“დაახლოებით 2 საათის წინ, მოტყუებით, დაკითხვის საბაბით პოლიციამ სახლიდან გამოიყვანა მოძრაობის წევრი დიკო ბჟალავა. 2 საათის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ გვქონდა ინფორმაცია მისი ადგილმდებარეობის შესახებ.
გაათიშინეს ტელეფონი და პოლიცია არ გვაწვდიდა ინფორმაციას. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, პოლიციამ განყოფილებაში შემოიყვანა დიკო ბჟალავა და განგვიმარტა, რომ დაკავებულია სისხლის სამართლის 151-ე მუხლით.
გუშინდელი თავდამსხმელის მეუღლე დიკო ბჟალავას აბრალებს სიცოცხლის მოსპობის მუქარას. შეგახსენებთ, რომ მომჩივნის მეუღლე წუხელ საპროტესტო კარავში თავს დაესხა და მრავლობითი დაზიანება მიაყენა პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეს, რომელიც გადაყვანილია ქუთაისში და აქამდე რჩება საავადმყოფოში”. – წერს მოძრაობა.
გუშინ, 12 ივნისის ღამეს, ბალდის კანიონში მშენებლობის მოწინააღმდეგეების თქმით, ბალდის საპროტესტო კარავს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა.
