ბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგეებზე თავდამსხმელი 2 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავა, რომლებიც გუშინ, 12 ივნისს ბალდის კანიონში მშენებლობის მოწინააღმდეგეების კარავს თავს დაესხნენ და 2 აქტივისტი დაჭრეს.
“სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები – 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელი 1991 წელს დაბადებული მ.ბ. დაჭრა, შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო 1992 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მაც.
ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები, ცივი იარაღისა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ”. – ნათქვამია -ს განცხადებაში.
ბრალდებული ძმები სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და მუქარას გულისხმობს.
მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” სოციალურ ქსელში წერს, რომ დაჭრილია მოძრაობის ორი წევრი. მათგან ერთი – 7 მძიმე ჭრილობით – ყელის, თავის, გულმკერდისა და ზურგის არეში – ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.