ბალდის კანიონთან აქტივისტების დაჭრის საქმეზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბალდის კანიონთან მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების დაჭრის საქმეზე გასულ ღამეს ორი პირი დააკავა.
დაკავებულები არიან ძმები – 1979 წელს დაბადებული გ.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო 1983 წელს დაბადებული გ.ხ. მუქარის ბრალდებით. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც აცხადებს, ბრალდებულმა გ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელი 1991 წელს დაბადებული მ.ბ. დაჭრა, შემთხვევის დროს დაზიანება მიიღო 1992 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მაც. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები, ცივი იარაღისა და სანადირო თოფის დემონსტრირებით ადგილობრივებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
ორივე ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და მუქარას გულისხმობს.
ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა კარვებში აპროტესტებენ შპს „კანიონი 350-ის“ მიერ მიმდინარე სამუშაოებს, თავს გასულ ღამეს დაესხნენ.
როგორც მოძრაობის — „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ — წევრი ცოტნე თვარაძე ამბობს, ნასვამ მდგომაროებაში მყოფი ორი შეიარაღებული პირი მათ საპროტესტო კარავში მიეჭრა.
დაჭრის მიუხედავად, აქტივისტებმა თავდამსხმელების განიარაღება შეძლეს და პოლიციაც გამოიძახეს.

ასევე დაგაინტერესებთ