ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგე ინდიკო ბჟალავა სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

98-დღიანი პატიმრობის შემდეგ, სენაკის რაიონულმა სასამართლომ 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ინდიკო ბჟალავა. ის პოლიციამ მუქარის ბრალდებით 12 ივნისს დააკავა.
მოძრაობის, “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” წევრის, ინდიკო ბჟალავას სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მისი მეგობრები და ახლობლები დღეს არ მოელოდნენ.
„ინდიკო ბჟალავა უდანაშაულოა და ის თავს არ ცნობს დამნაშავედ. მიუხედავად ამისა, დღეს ამ გადაწყვეტილებას არ ველოდებოდით. შემდეგ სხდომაზე უნდა დამდგარიყო ეს საკითხი… მოსამართლემ ჩათვალა, რომ საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები და გარემოებები ინდიკო ბჟალავასთვის ასეთი მაქსიმალურად მკაცრი სასჯელის გასაგრძელებლად, რომ ის დარჩენილიყო პატიმრობაში. ამიტომ გირაოს სანაცვლოდ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას მოძრაობის, “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” წევრმა, ბრალდებულის მეგობარმა ცოტნე თვარაძემ.
ის დარწმუნებულია, რომ ინდიკო ბჟალავას საბოლოო განაჩენიც გამამართლებელი იქნება, რადგან სასამართლოში უკვე გამოკითხული მოწმეები მხოლოდ ბრალდებულის უდანაშაულობაზე მიუთითებენ.
ცოტნე თვარაძის თქმითვე, სხვა აქტივისტებთან ერთად, ინდიკო ბჟალავა ბალდის კანიონისთვის ბრძოლის გაგრძელებას პირებს.
მუქარის ბრალდებით დაკავებული ინდიკო ბჟალავას მორიგი სასამართლო პროცესი სენაკის რაიონულ სასამართლოში 3 ოქტომბერს ჩაინიშნა.
-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 11 ივნისს 31 წლის ინდიკო ბჟალავა მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 41 წლის სოფო შავყულაშვილს, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამ ბრალდებას უარყოფენ როგორც თავად ბრალდებული, ასევე მისი ოჯახის წევრები და მეგობრები. ისინი ირწმუნებიან, რომ ინდიკო ბჟალავას სიცოცხლის მოსპობის მუქარას აბრალებს სამშენებლო სამუშაოების ჩატარების მომხრე თანასოფლელი ქალი. მათი განმარტებით, ბჟალავას 11 ივნისს დილის საათებში თავად გამოელაპარაკა სოფო შავყულაშვილი და პროვოკაციის მოწყობა სცადა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონთან, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინააღმდეგ გასული წლიდან დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარავია გაშლილი, 11 ივნისს, ღამით, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაჭრეს ძმები, ბალდის მცხოვრებლები მინდია და არჩილ ბჟალავები, რომლებიც მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შორის არიან. მომხდარი ფაქტის გამო დაკავებული არიან ბალდაში მცხოვრები ძმები გელა და გიგა ხურცილავები, რომლებსაც საპირისპირო პოზიცია აქვთ.
ბალდის კანიონზე მშენებლობის მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან, რომ ძმები ხურცილავები კომპანია „კანიონ 350-თან” დაახლოებული პირები არიან და კომპანიის ხელმძღვანელობის წაქეზებით მოქმედებდნენ.
2022 წელს სახელმწიფომ „კანიონ 350-ს” იჯარით გადასცა ბალდის კანიონი, იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას თითქმის ერთი წელია მართავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ კერძო კომპანიას კანიონი 40 წლის ვადით, უსამართლოდ გადასცა.
მშენებლობის მოწინააღმდეგეები 2023 წლის 24 ოქტომბრიდან ღამეს კარავში ათევენ. ისინი არსებული პროექტის შეჩერებას და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ახალი პროექტის შემუშავებას მოითხოვენ. ირწმუნებიან, რომ ბალდის მცხოვრებთ კანიონზე მშენებლობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და სახელმწიფომ მათ გარეშე გადაწყვიტა სოფლის ბედი.
თავის მხრივ, ინვესტორი აცხადებს, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მოწინააღმდეგეები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ტერიტორიის იჯარით გაცემის და მშენებლობის შესახებ სოფელი ინფორმირებული არ ყოფილა.
კომპანია „კანიონ 350-ის” ხელმძღვანელის, გიორგი მერკვილაძის თანახმად, მოსახლეობას პროექტი გააცნეს და წინააღმდეგი არავინ ყოფილა. მერკვილაძე მიიჩნევს, რომ აქტივისტებს მშენებლობის შეჩერება სურთ იმ მიზნით, რომ შემდეგ თავად მიიღონ ფინანსური სარგებელი.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია ვალდებულია 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით კანიონი აქციოს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად და მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი. პროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ამ პროექტის შედეგად ბალდის კანიონი დაკარგავს ბუნებრივ სილამაზეს და მისი „ჩაბეტონება“ მოხდება. საპროტესტო აქციების გამო ბალდის კანიონზე მშენებლობის პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია.