ჯანსაღი კვების რაციონის გამოძახების სერვისი „ბალანსი“, რომელიც ბაზარზე 2022 წლის ბოლოს გამოჩნდა, პირველ ფილიალს „ბალანს ექსპრესს“ ჭავჭავაძის გამზირზე ხსნის. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ სერვისის თანადამფუძნებელმა, ნუცა სურგულაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ფილიალი მარტში გაიხსნება.
„ფილიალი დაგვეხმარება იმაში, რომ მომხმარებელმა ადგილზეც შეიძინოს პროდუქცია. ფილიალში წარმოდგენილი იქნება როგორც ჯანსაღი კვების სამჯერადი მენიუები, აგრეთვე ფრანგული საკონდიტრო ხაზიც”, – განაცხადა სურგულაძემ და დასძინა, რომ „ბალანს ექსპრესის“ გახსნისთვის პირველადმა ინვესტიციამ დაახლოებით 30-35 ათასი დოლარი შეადგინა. დასაქმდება დამატებით 10 ადამიანი.
„„ბალანსი“ შეიქმნა იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ოჯახს და ახლობლებს ჰქონდათ. ანუ ჯანსაღი საკვები, რომ ყოფილიყო ძალიან გემრიელი და თან მის მომზადებაზე ბევრი დრო არ დაკარგულიყო. გეტყვით, რომ ფრანგი შეფის დამსახურებით, ბალანსის კერძები ისეთი გემრიელია, რომ დაიმსხვრა მითი იმის შესახებ, თითქოს ჯანსაღი და სასარგებლო საკვები უგემურია. ჩვენ მომხმარებელს ჯანსაღი კვების ულუფებს კალორიების მიხედვით ვთავაზობთ, 1100-დან 2200-მდე კალორიას და ფასებიც ამის მიხედვით განისაზღვრება, 55 ლარიდან 85 ლარამდე.“- აღნიშნა ნუცა სურგულაძემ.
„ბალანსის“ სლოგანია „ჯანსაღი კვება უნდა იყოს გემრიელი“ და 28 დღის განმავლობაში სხვადასხვა გემოს სთავაზობს ნებისმიერ მომხმარებელს და ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი კერძი არ მეორდება.
„ბალანსი“ ჯანსაღი კვების გამოძახების სერვისია, რომელმაც ოპერირება 2022 წლის ოქტომბერში 10 ათასი დოლარის ინვესტიციით დაიწყო.