,,ბაკურიანში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს მხრიდან 200 მილიონ ლარზე მეტი იდება“ – რევაზ სოხაძე
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან 200 მილიონ ლარზე მეტი იდება იმისთვის, რომ დაბაში ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას წყლის პრობლემა. მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო კურორტზე მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მათ შორის არის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგება.
,,მკაცრი კლიმატური პირობების გამო სამუშაოების დრო შეზღუდულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, კომპანიებმა ინტენსიურად იმუშაონ, რათა პროექტი დროულად დასრულდეს. ჩვენი მიზანია, ბაკურიანი გახდეს საერთაშორისო დონის კურორტი, სრულყოფილი ინფრასტრუქტურით და განვითარების ახალი პერსპექტივებით“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ბაკურიანში ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში სამი პროექტის ფარგლებში ახორციელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობას. სამუშაოები ბაკურიანის სრულ არეალს მოიცავს, ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ 15 000-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებითა და ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. პროექტები 2026 წელს დასრულდება. დაგეგმილია, აგრეთვე, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
