ბაიდენს გვარები აერია — მან ზელენსკი პუტინად მოიხსენია

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვაშინგტონში, ნატოს სამიტის მიმდინარეობისას, ზელენსკისა და პუტინის გვარები აერია და უკრაინის პრეზიდენტი შეცდომით პუტინად მოიხსენია. ბაიდენმა შეცდომა რამდენიმე წამში გამოასწორა, რასაც ზელენსკიმ ღიმილითა და ხუმრობით უპასუხა.
„აქამდეც მითქვამს, ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. გამარჯვება უკრაინისა იქნება და ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით ამ გზაზე ყველა ნაბიჯის გადადგმისას. ამას ამბობს ჩვენი შეთანხმებაც, ხმამაღლა და მკაფიოდ. მინდა ახლა სიტყვა გადავცე უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც ისეთივე მამაცია, როგორიც შეუპოვარი. ქალბატონებო და ბატონებო, პრეზიდენტი პუტინი“, — გამოაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენი ტრიბუნას ტოვებდა და რამდენიმე წამში გააცნობიერა დაშვებული შეცდომა.
„პრეზიდენტი პუტინიო?! პუტინს თქვენ დაამარცხებთ, პრეზიდენტო ზელენსკი. ჩემი ყურადღება პუტინის დამარცხებით არის მოცული. ამაზე ფიქრი გვიწევს“, – თქვა ბაიდენმა და ზელენსკის ხელის ჩამოსართმევად მიუბრუნდა.
„მე უკეთესი ვარ“, – ღიმილით უთხრა ზელენსკიმ ბაიდენს.
„ნამდვილად, წარმოუდგენლად უკეთესი ხართ“, – უპასუხა ბაიდენმა.
მედია და არაერთი მიმომხილველი ტრამპსა და ბაიდენს შორის დებატების შემდეგ წერდნენ, რომ ბაიდენს უჭირდა პასუხების გაცემა, არაერთხელ დაბრკოლდა, აზრი აერია, საერთო ჯამში კი, სუსტი გამოსვლა აჩვენა დებატების დასაწყისში.
იმედგამაცრუებელი უწოდა მაშინ პრეზიდენტის გამოსვლას მისივე კომუნიკაციების ყოფილმა დირექტორმა კეიტ ბედინგფილდმა.
„მისი ყველაზე დიდი პრობლემა იყო, ამერიკელი ხალხისთვის დაემტკიცებინა, რომ ჰქონდა ენერგია და გამძლეობა. მან ეს ვერ გააკეთა“, — თქვა ბედინგფილდმა.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ხსენებულმა დებატებმა პანიკის ტალღა გამოიწვია დემოკრატებში და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ჯგუფში მიდის საუბარი ახალი საპრეზიდენტო კანდიდატის საჭიროებაზეც კი.
ჯო ბაიდენს შეუძლია თავად თქვას უარი კანდიდატურაზე დემოკრატიული პარტიის ყრილობამდე, თუმცა დემოკრატები პროცესების ასეთი განვითარების შესაძლებლობას უარყოფენ.
გარდა ამისა, ამ დროისთვის თავად ბაიდენიც არ აპირებს განზე გადგომას და დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში ტრამპს დაამარცხებს.

ასევე დაგაინტერესებთ