ბაიდენმა 2024 წლის არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა – როგორ შეირჩევა ახალი კანდიდატი?

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება გაავრცელა და დემოკრატიული პარტიის ახალ კანდიდატად ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.
“მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია, რომ დათმობაზე წავიდე და ყურადღება დავუთმო ვადის დასრულებამდე ჩემს საპრეზიდენტო მოვალეობებს”. – განაცხადა მან.
კანდიდატურის მოხსნამდე ბაიდენს ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ არაერთმა მოწინავე დემოკრატმა, მათ შორის კონგრესში პარტიულმა ლიდერებმა, მოუწოდა. ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ივნისის ბოლოს დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველი საპრეზიდენტო დებატი შედგა. ბაიდენის სუსტი გამოსვლის შემდეგ კი მხარდამჭერებსა და თანაპარტიელებს შორის გაჩნდა კითხვები იმაზე, შეძლებდა თუ ვერა ბაიდენი ტრამპის დამარცხებას.
ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო რბოლის ამ ეტაპზე დატოვება თანამედროვე ამერიკის პოლიტიკაში უპრეცედენტოა, რადგან დემოკრატიულ პარტიას ბაიდენის შემცვლელზე შეთანხმება უჩვეულოდ მცირე დროში მოუწევს.
როგორ აირჩევენ დემოკრატები ახალ კანდიდატს?
დემოკრატიულ პარტიაში 4 700 დელეგატია, მათგან 4 000-ს “ფიცი” ჰქონდა დადებული, რომ ბაიდენს მისცემდა ხმას, თუმცა კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ბაიდენმა ეს დელეგატები მისთვის ხმის მიცემის ვალდებულებისგან გაათავისუფლა.
დანარჩენი 700 დელეგატი, რომლებიც “ფიცის” დამდებები არ არიან, ასევე “სუპერდელეგატებად” არიან ცნობილი, რადგან ისინი შეზღუდულები არ არიან იმაში, თუ ვის მისცემენ ხმას. თუმცა, მათ ხმის მიცემა მხოლოდ მეორე რაუნდში შეუძლიათ, რაც იმ შემთხვევაში გაიმართება, თუკი პირველ რაუნდში დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერას ვერავინ მოიპოვებს.
ახალ კანდიდატად?
ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის ახალ საპრეზიდენტო კანდიდატად მხარი ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ჰარისი პარტიის კანდიდატი გახდება.
ბაიდენის მიერ “გათავისუფლებული” დელეგატები ვალდებულები არ არიან ხმა იმ კანდიდატს მისცენ, რომელსაც მხარი ბაიდენმა დაუჭირა. ამასთანავე, არსებობს შანსი, რომ ახლა ჰარისის კანდიდატურას რომელიმე თანაპარტიელი შეედავოს და მის ნაცვლად საკუთარი თავი წარადგინოს, თუმცა ეს სარისკო და რთული ნაბიჯი იქნება. ამის მიუხედავად, შესაძლოა ბაიდენმა თავის დელეგატებს სთხოვოს, რომ ხმა მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს მისცენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება დამავალდებულებელი ხასიათის არ იქნება.
როდისთვის შეარჩევენ დემოკრატები ახალ კანდიდატს?
დემოკრატები აპირებდნენ, რომ ბაიდენი კანდიდატად ოფიციალურად პარტიის ეროვნულ ყრილობამდე ვირტუალური კენჭისყრის შემდეგ დაესახელებინათ. ახლა დემოკრატები შეეცდებიან, საპრეზიდენტო კანდიდატი 1-7 აგვისტოს შუალედში დაასახელონ, რათა 19 აგვისტოსთვის (როცა დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის დაწყება იგეგმება) პარტია ერთ კანდიდატზე იყოს შეთანხმებული.
თუკი პარტიაში ერთი კანდიდატის გარშემო ვერ გაერთიანდებიან და ყრილობაზე რამდენიმე დელეგატი იქნება წარმოდგენილი, მაშინ 19 აგვისტოს დემოკრატიული პარტიის ღია ყრილობა გაიმართება, სადაც დელეგატები მცირე მასშტაბის პრაიმერიზში ახალ კანდიდატს მისცემენ ხმას.
ღია ყრილობის გამართვის შემთხვევაში პოტენციურ კანდიდატებს მოუწევთ, სულ მცირე 300 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვონ, რათა პარტიული კანდიდატის ასარჩევ ბიულეტენზე მოხვდნენ. პირველ რაუნდში 4000 “ფიცდადებული” დელეგატი მისცემს ხმას – თუკი რომელიმე კანდიდატი დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გახდება. თუ უმრავლესობა პირველ რაუნდში ვერავინ მოიპოვა, მაშინ მეორე რაუნდში სუპერდელეგატებიც ჩაერთვებიან და 4700 დელეგატი შეეცდება კენჭი საპრეზიდენტო კანდიდატს მანამ უყაროს, სანამ პარტიაში ერთ კანდიდატზე არ შეთანხმდებიან.