ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმა წარადგინა, ჰამასი მას პოზიტიურად შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს წარადგინა ს სამეტაპიანი წინადადება მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ბაიდენის თქმით, დროა “ეს ომი დასრულდეს”. მისმა წინადადებამ კი ჰამასში დადებითი რეაქცია გამოიწვია.
გეგმის პირველი ფაზა მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას ექვსი კვირით, როდესაც ისრაელის ჯარები მთლიანად გავლენ ღაზას დასახლებული პუნქტებიდან, რამდენიმე მძევალი, მათ შორის მოხუცები და ქალები, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გათავისუფლდება, პალესტინის მოქალაქეები სახლებში დაბრუნდებიან, ხოლო ღაზაში ასობით სატვირთო ჰუმანიტარული დახმარება შევა.
ამ ეტაპის ფარგლებში ჰამასი და ისრაელი ცეცხლის მუდმივ შეწყვეტაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომელიც, ბაიდენის თქმით, იქამდე გაგრძელდება, “სანამ ჰამასი თავის ვალდებულებებს შეასრულებს”. თუ მოლაპარაკებები ექვსი კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, ცეცხლის შეწყვეტაც გაგრძელდება.
მეორე ეტაპზე, ბაიდენის თქმით, მოხდება ყველა ცოცხალი მძევლის გაცვლა, მათ შორის კაცი ჯარისკაცების, ისრაელელი სამხედროები გავლენ ღაზას სექტორიდან და დაიწყება მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა.
მესამე ეტაპი ღაზას აღდგენის მასშტაბური გეგმასა და დაღუპული მძევლების ცხედრების ოჯახებისთვის დაბრუნებას მოიცავს.
“დროა ეს ომი დასრულდეს და ახალი დღე დაიწყოს”, – განაცხადა ბაიდენმა, რომელზეც ჰამასი-ისრაელის კონფლიქტის გამო დიდი ზეწოლაა.
ჰამასმა, რომელმაც, ბაიდენის თქმით, შეთავაზება კატარის გავლით მიიღო, გეგმა დადებითად შეაფასა. ჰამასში განაცხადეს, რომ მზად არიან, “პოზიტიურად და კონსტრუქციულად” ჩაერთონ ნებისმიერ შეთავაზებაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას, ისრაელელი სამხედროების გაყვანას, ღაზას აღმშენებლობასა და ლტოლვილების დაბრუნებას ეხება.
ისრაელის პრემიერმინისტრი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ომი არ დასრულდება, სანამ მისი ყველა მიზანი მიღწეული არ იქნება, მათ შორის ყველა მძევლის დაბრუნება და ჰამასის სამხედრო და მმართველობითი პოტენციალის განადგურება. მისი თქმით, ბოლო წარდგენილი გეგმა საშუალებას მისცემს ისრაელს დაიცვას ეს პრინციპები.
თეთრ სახლში გამოსვლის დროს ბაიდენმა მოუწოდა ისრაელის ხელისუფლებას შეეწინააღმდეგონ ზეწოლას იმათი მხრიდან, ვინც ომის გაურკვეველი დროით გაგრძელებას მოითხოვს. მისივე თქმით, ასე ხალხი მმართველ კოალიციაშიცაა.
“მათ ღაზას ოკუპაცია სურთ. მათ ბრძოლის წლობით გაგრძელებაა უნდა, და მძევლები არ არიან მათთვის პრიორიტეტები”, – თქვა ბაიდენმა და მოუწოდა ისრაელს, ხელიდან არ გაუშვას ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ