პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, შაბათს ღამის მდგომარეობით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დარჩენას გეგმავდა, მაგრამ მის თანამშრომლებს კვირა დღის მეორე ნახევარში განუცხადა, რომ ის უკან იხევდა, – ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო “როიტერი”, “საკითხის მცოდნე” წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
”წუხელ გზავნილი იყო, – მივდივართ წინ, სრული სისწრაფით”, – განუცხადა წყარომ “როიტერს”, ანონიმურობის პირობით. “დღეს, დაახლოებით 13:45 საათზე, პრეზიდენტმა თავისი გუნდის უფროს წევრებს უთხრა, რომ გადაიფიქრა.”
ეს გადაწყვეტილება თეთრი სახლის ბევრი თანამშრომელისთვის მოულოდნელი იყო. ზოგიერთმა გაოცება გამოხატა იმის გამო, რომ პრეზიდენტმა განცხადება კოვიდ-19-თან ბრძოლის დროს, თავის სახლში, რეჰობოთის სანაპიროზე, დელავერში გააკეთა.
წყაროების ცნობით, ავადმყოფობის ფონზე, 81 წლის ბაიდენმა, შაბათ-კვირა დემოკრატიული პარტიის ზეწოლის ქვეშ გაატარა, რათა რბოლა დაეტოვებინა. წყაროების თქმით, ის განსაკუთრებით აღშფოთებული იყო წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, ნენსი პელოსის მისამართით, რომელიც ბაიდენის მრჩევლების აზრით, მისი გადადგომის მიზნით, ზეწოლის კამპანიას მართავდა.
შოკისმომგვრელ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაიდენის კამპანიამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის საარჩევნო რბოლიდან გასვლას აპირებდა.
“ეს მცდარია. და მე ასევე ვფიქრობ, რომ მცდარია ამ ნარატივის გაღრმავების მცდელობა”, – განუცხადა კამპანიის მენეჯერის მოადგილემ, კვენტინ ფულკსმა ტელეარხ “MSNBC-ის, კვირა დილით.