ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. ბაიდენმა სატელეფონო საუბრის დროს ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია.
ამ დროისთვის თეთრ სახლში დონალდ ტრამპის შესაძლო მისვლის თარიღი უცნობია და სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. ბაიდენი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე მათ გუნდებს შორის კოორდინაცია გაგრძელდება.
თეთრი სახლის მიერვე გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ხელისუფლების შეუფერხებლად გადაცემის მნიშვნელობას და ქვეყნის მოსახლეობის გაერთიანების სურვილს.
ცოტა ხნის წინ, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ასევე ესაუბრა მის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, დემოკრატიული პრეზიდენტობის კანდიდატს 2024 წლის არჩევნებში, რომელიც დონალდ ტრამპთან ორთაბრძოლაში დამარცხდა.
7 ნოემბერს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერისადმი მიმართვის გაკეთებას გეგმავს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რომელ საათზე დაიწყება ხვალ ბაიდენის გამოსვლა.
ამერიკის ახალი და ხელმეორედ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის ფიცს 2025 წლის 20 იანვარს დადებს. საზეიმო ინაუგურაციის ცერემონიის დროს, ის ამერიკის 47-ე პრეზიდენტი გახდება და თავის ადმინისტრაციასთან ერთად, ბინას კვლავ თეთრ სახლში დაიდებს.