პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დახმარების გაგრძელება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა. 17 იანვარს, ბაიდენი თეთრ სახლში შეხვდა სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების და რესპუბლიკელების ლიდერებს და დაზვერვის, შეიარაღებული ძალების, საფინანსო და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებთან განიხილა „უმოქმედობის სტრატეგიული შედეგები”.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად თანხა ამოწურული აქვს და კონგრესში რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო, ჯერჯერობით ვერ ახერხებს უკრაინისთვის კიდევ 61 მილიარდ დოლარზე მეტის მიღებას. რესპუბლიკელები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას.
შეერთებული შტატების კონგრესში წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ხოლო სენატს – პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები.
პრეზიდენტთან შეხვედრის წინ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სხვა საკითხების გადაწყვეტამდე უპირველესი ამოცანაა აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
კონგრესის ლიდერების და პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა კონგრესის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის უზრუნველყოფა საჭირო რესურსებით, მათ შორის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით და არტილერიით.
პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, კონგრესის უმოქმედობა საშიშია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, ნატოსა და დანარჩენი თავისუფალი სამყაროსთვის. ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, სწრაფად გადაწყვიტოს უკრაინის შემდგომი დაფინანსების საკითხი და ამით აჩვენოს აშშ-ის სიმტკიცე.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საზღვარზე პრობლემის მოსაგვარებლად მოქმედების და დამატებითი რესურსების გამოყოფის მნიშვნელობასაც და თქვა, რომ იმედისმომცემია სენატში მიმდინარე ორპარტიული მოლაპარაკებისას მიღწეული პროგრესი.
პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა ჯონსონმა განაცხადა, რომ შეხვედრა პროდუქტიული იყო, თუმცა, ისევ გაიმეორა, რომ პირველ ყოვლისა მექსიკასთან საზღვარზე არსებული პრობლემა უნდა მოგვარდეს.
სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა მედიას უთხრა, რომ ოპტიმისტურად უყურებს როგორც საზღვრის, ისე უკრაინის დახმარების საკითხების გადაწყევეტას. სავარაუდოა, რომ სენატი მომავალ კვირაში განიხილავს ორპარტიულ შეთანხმებას უკრაინის დაფინანსების და სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების შესახებ.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას ყველაზე დიდი, 44 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუწია.