პარიზში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დაიწყო.
ჯო ბაიდენმა შეხვედრის დაწყებისას უკრაინისთვის 225 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
„დღეს ხელს ვაწერ დახმარების დამატებით პაკეტს 225 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რათა დაგეხმაროთ ელექტროქსელის რეკონსტრუქციაში”, – მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას.
ამასთან, ბაიდენმა ზელენსკის ბოდიში მოუხადა წლის დასაწყისში სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცების შეფერხებისთვის,
„ბოდიშს ვიხდი იმ კვირების გამო, რომ არ ვიცოდი რა მოხდებოდა დაფინანსების კუთხით, რადგან გაგვიჭირდა იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც უნდა მიგვეღო, ზოგიერთი ჩვენი ძალიან კონსერვატიული წევრის გამო, რომლებიც აყოვნებდნენ პროცესს, მაგრამ შევასრულეთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.