აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და ქვეყნის საომარ კაბინეტთან გამართულ შეხვედრაზე, თელ-ავივი, ისრაელი, 2023 წლის 18 ოქტომბერი
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს, 1-ელ თებერვალს გამოსცა განკარგულება, რომლითაც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის რეგიონში, ძალადობაში შემჩნეულ ოთხ ისრაელელ ახალმოშენეს, სანქციებს უწესებს.
“მე, ჯო ბაიდენს, მიმაჩნია, რომ დასავლეთ სანაპიროზე არსებულმა მდგომარეობამ, კერძოდ, ექსტრემისტი ახალმოშენეების მხრიდან ძალადობამ, ხალხისა და სოფლებისთვის გადაადგილების იძულებამ, და საკუთრების განადგურებამ გაუსაძლის დონეს მიაღწია” – ამბობს ბაიდენი განცხადებაში.
ბაიდენის ბრძანების მიხედვით, დასანქცირებული ახალმოშენეები დასავლეთ სანაპიროზე ძალადობრივ ქმედებებში იყვნენ ჩართული და პალესტინელების საკუთრების განადგურებასა და ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. აღნიშნული სანქციების ფარგლებში, ოთხ ისრაელელ ახალმოშენეს აშშ-ს ფინანსური სისტემით სარგებლობა შეეზღუდებათ, ხოლო ამერიკის მოქალაქეებს მათთან საქმის დაჭერა აეკრძალებათ.
ბაიდენის თქმით, “მსგავსი ქმედებები დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებას უქმნის საფრთხეს”.
ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა ბაიდენის ადმინისტრაციამ ახლო მოკავშირის, ისრაელის, წინააღმდეგ ნაბიჯს დგამს. ბაიდენის თქმით, “დღევანდელი ქმედებების მიზანი, ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის მშვიდობის და უსაფრთხოების წახალისებაა”.
ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, ისრაელის მხარემ სანქციების შესახებ წინასწარ შეიტყო, რის შემდეგაც ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს მიერ მიღებული ზომები დაგმო.