აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის დეპარტამენტს სთხოვა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააგრძელოს. ჯო ბაიდენი ამ განცხადებით მას შემდეგ გამოვიდა, რაც რუსეთმა, შობა დღეს, უკრაინის ელექტროქსელზე თავდასხმა გამახორციელა, რომელსაც ამერიკელმა ლიდერმა „აღმაშფოთებელი“ უწოდა.
„ამ აღმაშფოთებელი თავდასხმის მიზანი იყო, უკრაინელ ხალხს ზამთარში სითბოსა და ელექტროენერგიაზე წვდომა წართმეოდა და ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დამდგარიყო“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
კიევის ცნობით, ოთხშაბათს, 25 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინას ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, ასევე დრონებით კომპლექსურად შეუტია. თავდასხმების შედეგად, ქალაქ ხარკოვში, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა, ხოლო დნეპროპეტროვსკის ოლქში ერთი მოქალაქე დაიღუპა.
„დღეს პუტინმა თავდასხმისთვის განზრახ აირჩია შობა დღე. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაადამიანური? შეტევის დროს მოსკოვმა 70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური, და ასზე მეტი დრონი გამოიყენა“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ პლატფორმა „ტელეგრამზე“.
თავდასხმის შედეგად, ხარკოვის ოლქში ნახევარი მილიონი ადამიანი გათბობის გარეშე დარჩა იმ პირობებში, როდესაც ტემპერატურა ნულს მხოლოდ რამდენიმე გრადუსით აღემატება. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ კიევში, ელექტროენერგია გაითიშა.
„რუსული ბოროტება უკრაინას ვერ გაანადგურებს და შობის დღესასწაულს ვერ გადაფარავს“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შობა დღეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 31 თვითმფრინავი გაუშვა, რომელთაგან კიევმა 20 ჩამოაგდო.
შობა დღეს განხორციელებული თავდასხმა, ჯო ბაიდენის გარდა, ასევე გააკრიტიკა კიტ კელოგმა, რომელიც ტრამპმა უკრაინასა და რუსეთში სპეციალურ წარმომადგენლად შეარჩია.
„შობა ყველაზე მშვიდობიანი დრო უნდა იყოს, მაგრამ უკრაინაზე სასტიკი თავდასხმა სწორედ ამ დღეს მოხდა. აშშ, როგორც არასდროს, განწყობილია, რომ რეგიონში მშვიდობა დამყარდეს“, – აღნიშნა მან.
ომის დაწყებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, ვაშინგტონი უკრაინას 175 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ გაურკვეველია, ძალაში დარჩება თუ არა ეს დაპირება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, რომელიც ბაიდენს 20 იანვარს შეცვლის. მითუმეტეს, რომ ის სკეპტიკურად არის განწყობილი კიევის მხარდაჭერის მიმართ.
იმავდროულად, ხუთშაბათს, 26 დეკემბერს, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ჩაშალა უკრაინის სადაზვერვო სამსახურების რამდენიმე გეგმა, რომელიც მოსკოვში მაღალი რანგის რუსი სამხედროების და მათი ოჯახის წევრების მკვლელობას ითვალისწინებდა.
უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია რუსეთის ოთხი მოქალაქე, რომლებიც, სავარაუდოდ, შეთქმულებებში მონაწილეობდნენ.
მანამდე კი, უკრაინულმა დაზვერვამ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის მკვლელობაზე, რომელიც გასულ კვირას მისი ბინის სადარბაზოსთან ახლოს, ელექტროსკუტერზე მიმაგრებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.