აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს განაცხადა, რომ „არ უკვრის“ თუმცა „აღშფოთებულია“ რუსი ოპოზიცონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის სიკვდილით.
„ის გაბედულად დაუპირისპირდა კორუფციას, ძალადობას და ყველა იმ ცუდ საქმეს, რასაც პუტინის მთავრობა აკეთებს“, – თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში. “ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პუტინია“, – განაცხადა მან.
თეთრი სახლი სწავლობს ინფორმაციას ნავალნის გარდაცვალების შესახებ რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიაში არქტიკაში, სადაც ის ორი თვის წინ გაგზავნეს.
47 წლის ნავალნი რუსეთში პუტინის ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსი იყო. ბაიდენმა 2021 წლის ივნისში ჟენევაში პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნალვანის სიკვდილი რუსეთისთვის “დამანგრეველ შედეგებს” გამოიწვევდა.
”ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ნალვანის სიკვდილი იყო იმის შედეგი, რაც პუტინმა და მისმა ავაზაკებმა გააკეთეს”, – თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში.
თეთრი სახლის თქმით, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისი, ნავალნის მეუღლეს, იულიას შეხვდა და “გამოთქვა მწუხარება და აღშფოთება” მომხდართან დაკავშირებით.
ჰარისმა თქვა, რომ მომხდარში დამნაშავე კრემლია.
“რა ისტორიასაც უნდა მოყვნენ, ნათელია, რომ [მომხდარზე] რუსეთია პასუხისმგებელი”, – თქვა სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრეზიდენტმა.
ნავალნი 19-წლიან სასჯელს “ექსტრემიზმის”, თაღლითობის და სხვა რამდენიმე მუხლით იხდიდა.
რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ გავრცელებული წერილობითი ინფორმაციით, სეირნობის შემდეგ, ნავალნი შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გონება დაკარგა. საპატიმროში სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს, რის შემდეგაც, ექიმებმა მისი დახმარება სცადეს, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო. რა გახდა ნავალნის სიკვდილის მიზეზი ჯერ უცნობია.
ნავალნი 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს, როდესაც ის გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნდა. გერმანიაში ნავალნი სამკურნალოდ გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ის საბჭოთა წარმოების, სამხედრო ხარისხის ნერვული აგენტი “ნოვიჩოკით” მოწამლეს, რის გამოც ის კომაში ჩავარდა. გერმანელმა ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. ქვეყანაში დაბრუნებისას, ნავალნის შინა პატიმრობის წესების დარღვევაში დასდეს ბრალი და ის აეროპორტშივე დააკავეს.