ინტერნეტში გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტების თანახმად, ბაიდენის ძაღლმა, მეთაურმა (ინგ. Commander) აშშ-ს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს, სულ მცირე, 24-ჯერ უკბინა.
დოკუმენტებით დგინდება, რომ 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივლისამდე საიდუმლო სამსახურის აგენტებს პრეზიდენტის გერმანულმა ნაგაზმა უკბინა მაჯაზე, წინამხარზე, იდაყვზე, წელზე, მკერდზე, ბარძაყსა და მხარზე.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ დოკუმენტებში მეთაურის მიერ თეთრ სახლში ან მერილენდში მდებარე კემპ დევიდის რეზიდენციაში დასაქმებულების კბენის ყველა ფაქტი არ არის მოყვანილი და აღწერილია მხოლოდ საიდუმლო სამსახურის წევრებთან დაკავშირებული ინციდენტები.
გავრცელებული ჩანაწერები აჩვენებს, რომ პრეზიდენტის ძაღლის აგრესიულმა ბუნებამ ბაიდენის დაცვაში ქაოსი გამოიწვია. დოკუმენტების თანახმად, ერთ-ერთმა უფროსმა აგენტმა აღნიშნა, რომ კბენის ინციდენტების გამო, საიდუმლო სამსახურმა პრეზიდენტის დაცვის ტაქტიკაც შეცვალა.
გავრცელებულ დოკუმენტებში წერია, რომ ივნისში მომხდარი შემთხვევის დროს ერთ-ერთი აგენტს წინამხარზე “ღრმა ნაკბენი” დარჩა. მას ნაკერები დასჭირდა, თეთრი სახლის იატაკზე სისხლის დაღვრის გამო კი შენობის აღმოსავლეთი ფრთა ვიზიტორებისთვის 20 წუთით ჩაკეტეს.
კიდევ ერთი ინციდენტის დროს, ივლისში, მეთაურმა კბენით სამსახურის თანამშრომელს “მძიმე ღრმა ჭრილობა” მიაყენა. შედეგად, აგენტმა “მნიშვნელოვანი რაოდენობის სისხლის დაკარგვა დაიწყო”. დოკუმენტების თანახმად, მას კოლეგებმა “უსაფრთხოების მიზნით” აჩუქეს “დახმარების მცირე პაკეტი”, რომელიც ტკივილგამაყუჩებლებს, ანტიბიოტიკებს, წიწაკის სპრეის, ალიკაპსა და ძაღლის ორცხობილას მოიცავდა.
ამასთან, ერთ-ერთი ელექტრონული შეტყობინების თანახმად, უფროსმა აგენტმა იმ აგენტებს, რომლებიც ბაიდენსა და მის ოჯახებს იცავდნენ ურჩია, რომ პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კრეატიულები ყოფილიყვნენ.
მეთაურმა თეთრი სახლი 2023 წლის ოქტომბერში დატოვა, მას შემდეგ, რაც საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს ნაკბენის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
CNN-ის მიერ გავრცელებული, პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის განცხადების თანახმად, მათ სცადეს აღნიშნული პრობლემის მოგვარება, თუმცა, დანებდნენ და ძაღლი ნათესავთან გაგზავნეს.
ეს არ არის ბაიდენების ოჯახის პირველი ძაღლი, რომელსაც აგრესიული ქცევის გამო თეთრი სახლი დაატოვებინეს. 2021 წელს პრეზიდენტის ძაღლმა, მაიორმა (ინგ. Major) საიდუმლო სამსახურის აგენტს ჭრილობა მიაყენა, რის გამოც საცხოვრებლად დელავერში გაგზავნეს.