აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე 12 დეკემბერს ვაშინგტონში განაცხადა, რომ რუსეთმა „ვერ მოახერხა“ უკრაინის წაშლა რუკიდან და კიევის უნარს, გაუძლოს მოსკოვის სრულმასშტაბიან შეჭრას, „დიადი გამარჯვება“ უწოდა.
ბაიდენმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, მიიღოს კანონპროექტი დამატებითი ბიუჯეტის შესახებ, რომელიც უკრაინისთვის დამატებით მრავალმილიარდიან სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს. ბაიდენის თქმით, ეს არის ომში კიევის გამარჯვების საუკეთესო საშუალება.
ბაიდენმა თქვა, რომ „ნატო იქნება უკრაინის მომავალში, ეს ეჭვგარეშეა“. მაგრამ მან ასევე თქვა, რომ, ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდება მხოლოდ მაშინ, როცა დრო მოვა და ყველა ქვეყანა დათანხმდება ამას.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვერცერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა უკრაინის წინააღმდეგ ომში. „ჩვენ გავათავისუფლეთ შეჭრის შემდეგ რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების 50%,“ თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც უკრაინისგან მოითხოვს საკუთარი ტერიტორიის ნაწილის დათმობას, „სიგიჟე“ იქნებოდა.
დემოკრატი პრეზიდენტი ბაიდენი კვლავაც ყოველ ღონეს ხმარობს, რათა დაარწმუნოს ოპოზიციური რესპუბლიკური პარტია, რომ აუცილებელია კიევისთვის ეკონომიკური და სამხედრო დახმარების აღმოჩენა.
პრესკონფერენციამდე ბაიდენმა უთხრა ზელენსკის, რომ თუკი კონგრესი არ მოიწონებს კიევისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების აღმოჩენას, ეს „საშობაო საჩუქარი“ იქნება პუტინისთვის.
„ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით, უთხრა ბაიდენმა ზელენსკის ოვალურ ოფისში გამოსვლისას.
ეს შეერთებულ შტატებში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის მეორე დღე იყო. მისი მოგზაურობის მიზანია, მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს რუსეთის წინააღმდეგ ომში, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო.