18 ივნისს გადაიდო ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის განხილვა სასამართლოში – მიზეზი პატარაიას სასამართლოში გამოუცხადებლობა და დაცვის მხარისთვის საქმის მასალების გასაცნობად საჭირო დროის მიცემაა. ბაია პატარაიას, ისევე როგორც 20-მდე სხვა საჯარო პირს, რომელთა შორის არიან პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უჩივლეს ფეისბუკში გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტების გამო. ის სასამართლოში არ გამოცხადებულა, რადგან საქართველოში არ იმყოფებოდა.
მისი ადვოკატი, ეკა მუზაშვილი რადიო თავისუფლებას სხდომის გადადების შემდეგ ეუბნება, რომ მათ სასამართლოში თავად მიიტანეს არაერთი პოსტი, სადაც ბაია პატარაია ქართული ოცნების წევრებს აკრიტიკებს და ასევე იმ საქმეების მასალები, რომლებზეც გამოძიებაა დაწყებული და ამ დრომდე უშედეგოდ – ეს საქმეები თავად პატარაიას წინააღმდეგ განხორციელებული მუქარების, თავდასხმებისა და დისკრედიტაციის მცდელობების დოკუმენტაციაა. ადვოკატისვე განმარტებით, მათ იმის შესახებ რომ ბაია პატარაია ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც საჯარო მოხელეები უჩიოდნენ, მედიიდან გაიგეს ისე, რომ სასამართლოში მისვლამდე არ იცოდნენ ვის შეურაცხყოფას ედავებოდა მას შსს. საქმის მასალების მიხედვით, პატარაიას პარლამენტარების, მამუკა მდინარაძის, მარიამ ლაშხისა და თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებიან.
“არ ვიცოდით არაფერი, რას გვედავებოდნენ ან რა იყო საქმეში. დღეს დილას საფარში გადავწყვიტეთ პროცესზე მოვსულიყავით. ეს კანონი ძალაში შევიდა 6 თებერვლიდან, შესაბამისად 6 თებერვლიდან ბაიას ყველა პოსტი დავსქრინეთ, სადაც ამათი გაგებით შეურაცხყოფას აყენებს სხვადასხვა ქოც დეპუტატს ან ნებისმიერ ქოც საჯარო პირს, სადაც იდენტიფიცირებულია კონკრეტული პირი და არა კრებითი სახელი ქოცები. ეს ყველა სქრინი მოვიტანეთ იმის საჩვენებლად რომ ბაია პატარაიას სტილი არის ასე წერა და ეს მის გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და ყოველთვის ჯდებოდა მისი გამოხატვის თავისუფლებაში. ასევე ვუთხარით სასამართლოს, რომ არ გვაქვს იმდენი დრო რომ ყველა ამ სტატუსზე ცალ-ცალკე ვიაროთ და მოვითხოვეთ ყველა საქმის ერთად განხილვა” – უთხრა ეკა მუზაშვილმა რადიო თავისუფლებას.
