ბათუმში 15 ქუჩაზე ქვაფენილის აყრასა და ასფალტბეტონის დაგებაზე მერიის სამმართველომ ტენდერი 6 432 351 ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით სამუშაოები 2027 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.
ქვაფენილს ამჯერად შემდეგ ქუჩებზე აყრიან:
დემეტრე თავდადებულის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, 26 მაისის, დავით კლდიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ხარიტონ ახვლედიანის, სტეფანე ზუბალაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ჰაიდარ აბაშიძის, იორდან მეტაქსას, სელიმ ხიმშიაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, მიხეილ ლერმონტოვის და მურად ხინიკაძის.
ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 26 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში – 31 დეკემბერს დასრულდება.
კლდიაშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩები / 12.12.2025
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნებში აღნიშნულია, რომ მას „2023 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 7 მილიონი ლარის ოდენობით“.
ამასთან, ამავე პერიოდში „უშუალოდ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები 3 მილიონი ლარის ოდენობით“.„შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 24 თვეს სამუშაოების დასრულებიდან. შესრულებული სამუშაოს გარე განათებაზე ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 60 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.“ – წერია ტენდერის პირობებში.
ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩების „საკითხის მოგვარებაზე“ საუბარი მერიამ 2016 წელს დაიწყო, ქვაფენილების აყრა კი – 2022 წელს.
batumelebi.netgazeti.ge




